რამიშვილი, კოკა

კოკა რამიშვილი იმ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც 1990-იანი წლების შემდეგ საქართველო რამდენჯერმე დატოვა და ცხოვრების გარკვეული პერიოდები უცხოეთში გაატარა. მიუხედავად ამისა, მის შემოქმედებაში არსებითი ადგილი უკავია სწორედ პოსტ-საბჭოთა თემასა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემატიკას _ პოლიტიკურ ცვლილებებს, იდენტურობის საკითხებსა თუ საქართველოში განვითარებულ კატაკლიზმებს, რომელთა ნაწილი მის თვალწინ განვითარდა  (ფოტოსერია `ომი ჩემი ფანჯრიდან~, 1991-1992 წწ.;  ვიდეო ‘Pronostic Eventuell’, 1998 . და სხვ.).

2005 წელს შექმნილი ვიდეოChangeკოკა რამიშვილის ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია ახალი დროის `ცვალებადი სამყაროს~ შესახებ. ყურადსაღებია სამი ნაწილისგან შემდგარი ნაწარმოების `დრამატურგია~, სადაც ორი ნაწილი დოკუმენტურ ტელეკადრებს წარმოადგენს, რომლებიც 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში `ვარდების რევოლუციის~ კულმინაციურ მომენტს _ ხელისუფლების ცვლას ასახავს.

ტელექრონიკიდან აღებული დოკუმენტური კადრები მიზანდასახულად უკიდურესად შენელებულია, როგორც ფილმის მონტაჟის პროცესისას. დოკუმენტური კადრების შეჩერება, .. `დეკომპრესია~, ყოველი ცალკეული ეპიზოდის ზედმიწევნითი შესწავლა, თითქოს გამოძიება, კადრის მოახლოება ან პირიქით გაბუნდოვნება, ასევე თანამდევი მონოტონური ხმა და გაწელილი, ბუნდოვანი ხმაური, ძალიან მძაფრად და შთამბეჭდავად გამოხატავს ერთ სივრცეში მოქცეული მამაკაცების დიდი ჯგუფის ბრძოლის `პლასტიკას~, ამოფრქვეულ ენერგიასა და ემოციებს, ქაოსს, დაძაბულობას, ჭიდილს, დაპირისპირებას.

მსგავსი ნიშნებით ხასიათდება ნამუშევრის მეორე ნაწილიც, მაგრამ შემტევი ბრძოლის პათოსი აქ უკან დახევისა და წარმავალობის განწყობით იცვლება და გარკვეულ მოლოდინსა და ინტერესს აღძრავს მოვლენების საბოლოო განვითარების შესახებ.

თუმცა, სიუჟეტი სხვაგვარად ვითარდება და მესამე ნაწილი სრულიად სხვა ეპოქასა და ისტორიას წარმოგვიდგენს. სევდანარევი მსახიობი ქალის სიმღერით მოქმედება ნელ-ნელა გადადის ფრაგმენტზე რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმიდან ‘Die Sehnsucht der Veronika Voss’, სადაც მოქმედება II მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში ვითარდება. რეალური ისტორიული მოვლენა, დოკუმენტური ტელე-კადრები მოულოდნელად მხატვრული ფილმის ფრაგმენტებით იცვლება, ხოლო დაპირისპირებული მამაკაცების ბრძოლის სიმძაფრე სრულ კონტრასტშია ფასბინდერის ფილმის ტრაგიკული გმირის _ მსახიობი ქალის სახესთან.

კოკა რამიშვილისChangeარ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ისტორიითა და მოვლენით.  ავტორი მაყურებელს მრავალ კითხვის ნიშანს უტოვებს.

ნინო ჭოღოშვილი