
ითვლება, რომ დასურათებულ წიგნს გერმანიაში დიდად არ სწყალობენ. თუმცა სწორედ გერმანია და ანგლოსაქსური ქვეყნები გამოირჩევა იმით, რომ იქ დიდი მხატვრები ყოველთვის თავის მოვალეობად თვლიდნენ, შეექმნათ საბავშვო წიგნები. დასურათებულ წიგნებს ოდიდგანვე დიდი რუდუნებით ჰქმნიდნენ და თანაბრად ზრუნავდნენ მათ შინაარსსა თუ გარეგნულ ფორმაზე - არა “მიუხედავად იმისა”, არამედ სწორედ “იმიტომ”, რომ იგი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.
პირველ ილუსტრირებულ წიგნებს სასწავლო დანიშნულება გააჩნდათ და მათზე ხელი მხოლოდ ელიტას თუ მიუწვდებოდა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაიკვლია გზა ფართო მასებში დასურათებულმა გასართობმა ისტორიამ. თავიდან ის სულაც არ იყო განკუთვნილი მხოლოდ ბავშვებისათვის, ამის დასტურად გამოგვადგება ისეთი სახელების მოხმობა, როგორიცაა ვილჰელმ ბუში ან ლუდვიგ რიჰტერი.
საერთოდ, როგორ წარმოგვიდგენია, როგორი უნდა იყოს კარგად ილუსტრირებული საბავშვო წიგნი?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგი უნდა იწყებოდეს კარგი ტექსტით. ზუსტად ისეთივე ძნელია გამოიგონო კარგი ამბავი შეკუმშული დრამატურგიით, მახვილგონივრული ეპიზოდებით, დაძაბული სიუჟეტით და ძლიერი ფინალით, როგორც კომპლექსური ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა. ყველაზე დიდ ზემოქმედებას მკითხველზე კი სწორედ ის წიგნები ახდენენ ხოლმე, რომელთა ილუსტრატორები თვით ავტორები არიან, რადგან ამ შემთხვევაში ავტორი ამბის განვითარების დროს ნახატებიდან და ფიგურებიდან ამოდის.
თავდაპირველად მხატვარმა მოსაყოლი ამბის პროტაგონისტს სახე და სხეული უნდა მოუნახოს. ამასთანავე უნდა განსაზღვროს მოქმედების ადგილი და დრო (წელიწადის დრო და საათი), აგრეთვე სხვა ფიგურები. ამას მოჰყვება სხვა ფორმალობები: გამოხატვის რომელ ფორმას თუ ტექნიკას ვიყენებ? რა ფორმატსა და დრამატურგიას ვირჩევ, როგორ ჩავსვამ ტექსტს ტიპოგრაფიულად? ილუსტრირებული წიგნი ხომ მხოლოდ იმ ილუსტრაციების წყება არ არის, მოყოლილი ისტორიის რაღაც დეტალებს რომ ასურათებს. ერთად აღებული ილუსტრაციების სერია ისეთივე მნიშველოვანია, როგორც ცალკეული სურათი. დაძაბულობა ხომ მხოლოდ ამბის თხრობით არ მიიღწევა. ილუსტრატორი ამასთან კარგი რეჟისორიც უნდა იყოს და თავისი ფიგურები სხვადასხვა სიუჟეტურ ქარგაში მარჯვედ უნდა განალაგოს. წიგნების ილუსტრატორთა ესკიზური ილუსტრაციები დიდად არ განსხვავდება სცენათა იმ თანმიმდევრობისაგან, ფილმის რეჟისორები რომ იყენებენ ხოლმე.
ილუსტრირებული წიგნი ხელოვნების ნიმუშების მცირე ერთობლიობაა, რომელიც თავის თავში სხვადასხვა დისციპლინებს აერთიანებს. ამ დროს არსებობს ერთი ელემენტი, რომელსაც დამთვალიერებელი ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევს ხოლმე. ეს არის შრიფტი. ილუსტრაციისა და ტექსტის ინტერპრეტაციის ურთიერთშეთანხმების მიღწევა ბევრად არის დამოკიდებული ლიტერას შერჩევაზე, შრიფტის სიდიდესა და სტრიქონების ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის ყველა ილუსტრატორი განათლებით გრაფიკოსია, რომელთათვისაც არც ტიპოგრაფია არის უცხო ხილი, უმრავლესობა მაინც სპეციალისტთან გადის ხოლმე კონსულტაციას. ბიბლიოფილური შედევრის შემთხვევაში ხომ ქაღალდისა თუ წიგნის ყდის ხარისხი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. ილუსტრირებული წიგნების უმრავლესობა კი ერთდროულად იბეჭდება უზარმაზარ საბეჭდ მანქანებზე და ცალკეული წიგნისათვის უკვე შეუძლებელი ხდება ქაღალდის ინდივიდუალური შერჩევა ან ფერების კორექცია. ამ, დროს, ისევე როგორც სხვა, შედარებით უმნიშვნელო, დეტალების შემთხვევაშიც, დიდ როლს თამაშობს დახარჯული თანხის რაოდენობა.
ილუსტრატორთა მომზადება
საბავშვო წიგნზე ზრუნვა, როგორც წესი, ევალება ავტორს, ილუსტრატორს, ტიპოგრაფს, ლექტორს და გამომცემლობის დამზადების განყოფილების ხელმძღვანელს. წიგნის ილუსტრატორთა მომზადება ტრადიციულად უმაღლეს სასწავლებლებში ხდება, სადაც ისწავლება ისეთი საგნები, როგორიცაა წიგნის გაფორმება და დამზადება, ტიპოგრაფია ფიგურალურ ხატვასთან ერთად. მოხდა რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სპეციალიზაცია წიგნის ილუსტრირების მიმართულებით. ასე მაგალითად, ლაიპციგის წიგნის ხელოვნების ინსტიტუტში უკვე არსებობს იმის ტრადიცია, რომ შეგიძლია მიიღო სოლიდური პროფესიული, მაგრამ ამავე დროს სრულიად შეუზღუდავი შემოქმედებითი განათლება. ჰამბურგის სტუდიებში ერთიანდებიან ის წარმატებული ახალგაზრდა ილუსტრატორები, რომელთა უმეტესობამაც სწავლება სპეციალურ სასწავლებელში რუდიგერ შტოიეს ხელმძღვანელობით გაიარა. ილუსტრირებული წიგნი და კომიკსი წამყვანი საგნებია აგრეთვე ლუცერნის უმაღლესი სასწავლებელშიც.
საერთოდ ხომ ასეა, ბავშვი ადრეულ ასაკშივე უნდა ეზიაროს როგორც ხატვის საფუძვლებს, ასევე მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ნიჭიერ ბავშვებს კი ფართო გზა უნდა მიეცეთ.
თარგმნა შორენა შამანაძემ
Copyright: Goethe-Institut, Online-Redaktion
გაქვთ შეკითხვები ამ სტატიასთან დაკავშირებით? მაშინ მოგვწერეთ!
info@tbilissi.goethe.org
2005 წლის მარტი