ბავშვის უფლებები

ბავშვები დაწყებით კლასებშივე უნდა გაეცნონ საკუთარ უფლებებს, რომლებიც გაწერილია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში. როცა ბავშვი საკუთარ უფლებებს შეგნებულად იცნობს, მისთვის უშუალო გარემოში მრავალი ასპარეზი იხსნება. ენობრივი განათლების ძირითადი უფლება მრავალი სხვა უფლების საფუძველია. ვისაც წერა-კითხვა შეუძლია, და არა მხოლოდ მშობლიურ არამედ სხვა უცხო ენებზეც, მრავალმხრივ კომუნიკაციას სწავლობს და უფრო ადვილად ეუფლება სოციალურ კომპეტენციებს.

განათლების უფლება, უცხოური ენის სწავლის უფლება თავის თავში მოიცავს შესაძლებლობას, ეზიაროს სხვა კულტურას, ადვილად გაიგოს, რას წარმოადგენს სხვა, განივითაროს ცნობისმოყვარეობა და ტოლერანტულობა, შეუქმნას საკუთარ პიროვნებას შეუზღუდავი განვითარების საშუალება.

პატარა ბავშვებს არ გააჩნიათ უცხოს მიმართ შიში და უცხო ჟღერადობებსაც განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე უდგებიან. მაგრამ ბავშვებს თვითონ არ შეუძლიათ მოითხოვონ, მიეცეთ უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობა.

ადრეულ ასაკში უცხოური ენების სწავლება უნდა ითვალისწინებდეს ყველა ბავშვის ფუნდამენტალურ უფლებას განათლებისა და მათ შორის ენობრივი განათლების მიღების შესახებ. ბავშვის უფლებებს მიეკუთვნება:
  • უფლება, ადრეულ ასაკშივე მიიღოს შეძლებისდაგვარად მრავლისმომცველი ენობრივი განათლება, რომლის მიზანიც ყველასათვის თანასწორუფლებიანი შესაძლებლობების შექმნაა. აქ იგულისხმება, ერთი მხრივ, მშობლიურ ენაზე ენობრივი კომპეტენციების განვითარება, მეორე მხრივ კი, ადრეულ ასაკში ბავშვისთვის მრავალენოვნების შესაძლებლობის მიცემა და მისთვის უცხოური ენების სწავლების შეთავაზება.
  • ინტერკულტურული შინაარსის მქონე სასწავლო თემებზე დაფუძნებული განათლების მიღებისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის შესაძლებლობის უფლება.
  • ენების დაუფლების საშუალებით ბავშვში არსებული ყველა პოტენციალის მაქსიმალური გამომჟღავნების უფლება. აქ იგულისხმება სწავლის პროცესში ყველა გრძნობის ორგანოს გამოყენება ცოდნის შესაძენად.
  • ენების სწავლის პროცესში დამოუკიდებელი ქმედებისა და გადაწყვეტილებების პოვნის პროცესში ჩართულობის უფლება.
  • სწავლის პროცესში შეცდომების დაშვებისა და შეცდომების გამო დაუსჯელობის უფლება.
  • თანასწორი მოპყრობის უფლება წარმოშობისაგან, რელიგიური და კულტურული კუთვნილებისაგან განურჩევლად.
რეკომენდაცია:

ადრეულ ასაკში უცხოური ენების სწავლისას ბავშვებს რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, თავიანთი ასაკისათვის შესაფერისი უფლებები გაიცნონ და გამოიყენონ. ეს ბავშვის პიროვნების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. უფლებების გაცნობისა და რეალიზაციის პროცესი მოიცავს აღმზრდელებისა და მასწავლებლების მიერ ბავშვებისათვის მოსმენას, ბავშვების გამხნევებას, რომ მათ გამოთქვან თავიანთი სურვილები და დასვან შეკითხვები. ბავშვის უფლებაა შეცდომების დაშვება, ამიტომ კორექტურის პროცესი დიდი სიფრთხილით უნდა გამოირჩეოდეს.

უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლა

მასალები და რჩევები ასწავლებლებისათვის