კითხვის ხელშეწყობა - ციფრული „STORYTELLING“-ი ბიბლიოთეკაში

ბიბლიოთეკები ისეთი ადგილებია, სადაც პირადი შეხვედრები და კონსულტაციებია შესაძლებელი. ციფრულმა მედიებმა კი ის ბავშვები და მოზარდები უნდა მოიზიდონ, რომლებიც სხვა შემთხვევაში ბიბლიოთეკასთან მაინცდამაინც ახლო შეხებაში ევრ მოვიდოდნენ.

ქალბატონო ჰარტმან, რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ ბიბლიოთეკებს კითხვის ხელშესაწყობის საქმეში?

მე მგონი, ძალიან დიდი. ამით მე მხოლოდ დაბეჭდილი წიგნების ხელმისაწვდომობასა და ყველა ასაკისათვის განკუთვნილ ღონისძიებათა ფართო სპექტრს არ ვგულისხმობ. ბიბლიოთეკები ხომ უკვე დიდი ხანია განისაზღვრება, როგორც დღეისათვის არსებული ყველანაირი მედიების ამსახველი საცავები. ამაში კი ციფრული მედიები ზუსტად ისევე შედის, როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი ტექსტები. და სწორედ ამ მრავალფეროვნებაში მდგომარეობს დიდი შანსი იმ ადამიანების მოზიდვისა, რომლებსაც წიგნის კლასიკურ მედიასთან პრობლემური დამოკიდებულება აქვთ.

რას ნიშნავს ეს კონკრეტულად?

ამასობაში ბიბლიოთეკები უკვე იყენებენ  ციფრული მედიების თანამედროვე და ინოვაციურ შესაძლებლობებს კითხვის ხელშეწყობის საქმეში. მულტიმედიური ფონდი განსაკუთრებით კარგ შესაძლებლობას იძლევა იმ ბავშვების მოზიდვისა, რომელთათვისაც წიგნებთან კონტაქტი გამოწვევას წარმოადგენს.  ჩვენი პროექტის ფარგლებში „კითხვა გვაძლიერებს: კითხვა და ციფრული მედიები“ ვეცადეთ, სწორედ ამგვარი ღონისძიებების კონცეფციები შეგვემუშავებინა და განგვეხორციელებინა.

რაზეა საუბარი ამ პროექტში?

„კითხვა გვაძლიერებს“ არის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ დაგეგმილი დიდი პროგრამის „კულტურა გვაძლიერებს. კავშირები განათლებისთვის“ შემადგენელი ნაწილი. აქ პირველად ხდება ფედერალური ფულის საკმაოდ დიდი რაოდენობის - 230 მილ. ევროს 5 წლის ვადით - 2013-დან 2017-მდე - მხოლოდ იმ კულტურული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის გამოყენება, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ე.წ. განათლების ნაკლოვანებების მქონე ბავშვების დასახმარებლადაა გათვლილი. ამისათვის ფედერალური მასშტაბით მოღვაწე გაერთინებებმა და საზოგადოებებმა საკუთარი პროექტები შეიმუშავეს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე პარტნიორი ერთიანდება და ამგვარ დახმარებაზე შეაქვს განაცხადი.

მედიაკომპეტენციების გაზიარება

როგორ ხდება თქვენი პროექტის პრაქტიკაში განხორციელება?

Kathrin Hartmann Kathrin Hartmann | Foto (Ausschnitt): © dbv, Tristan Vankann ჩვენ დავფიქრდით, თუ როგორ შეიძლებოდა მხარში ამოვდგომოდით იმ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც თავისით ვერ პოულობენ ბიბლიოთეკაში მისასვლელ გზას და რომელთაც აქამდე განხორციელებულმა ღონისძიებებმა კითხვის ხელშეწყობის კუთხით გვერდი აუარეს. ამისათვის შემუშავებული იქნა ასაკობრივ კატეგორიებზე გათვლილი ხუთი ღონისძიება 3-18 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ამაში შედის ციფრული დასურათებული წიგნი-ფილმი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, სადაც ბავშვები ე.წ. აუდიოკალმებს ეცნობიან, რომელთა საშუალებითაც მათ თავად შეუძლიათ დასურათებულ წიგნებში საინტერესო ინფორმაციის აღმოჩენა. თუკი ტექსტის გარკვეულ ნაწილს დააკლიკებთ, უფრო დეტალურ აუდიოინფორმაციას შეიტყობთ.

და  უფროსი ასაკის ბავშვებისათვის?

უფრო დიდებისთვის საინფორმაციო და მედიების კომპეტენციების მიმართულებაა აღებული: რა შესაძლებლობას იძლევიან ციფრული მედიები წაკითხულის გასაღრმავებლად? აქ არ იგულისხმება მხოლოდ ინტერნეტში ეფექტური ძიების ინსტრუქციები. ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი შემოქმედებითი მიდგომის ბიძგი უნდა მიეცეთ.  მაგალითად, სხვადასხვა მედიების დახმარებით განაგრძონ რაღაც ამბის თხრობა ან საკუთარი მოიფიქრონ - წერილობით ან პლანშეტისთვის შექმნილი ფოტომოთხრობის ფორმით.

რა როლს ასრულებენ აქ სოციალური მედიები?

მნიშვნელოვანს. ჩვენი ადგილობრივი კავშირები 13-15 წლის მოზარდებს სთავაზობენ, გაეცნონ კონკრეტულ წიგნს ადგილობრივი საავტორო პრეზენტაციის ფარგლებში და შემდგომ ინტერნეტში სხვადასხვა სამკითხველო სოციალური პლატფორმების საშუალებით მოახდინონ გაზიარება. აქაც საბოლოოდ საკუთარი აქტიურობის აუცილებლობაზეა საუბარი, რათა არა მარტო წიგნების  შესახებ ინფორმაციის წერილობითი გაცვლა-გაზიარება ხდებოდეს, არამედ ისტორიების სიუჟეტური განვითარება ნაწილობრივ ერთობლივად გაგრძელდეს, მაშასადამე, ციფრული  „STORYTELLING“-ი წარიმართოს.

კითხვა, როგორც სოციალური საქმიანობა

ხომ არ არის ეს გამოწვევა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც კითხვაც კი უჭირთ?

ცხადია, გამოწვევაა. თუმცა, ჩვენი მოლოდინისგან განსხვავებით, ეს ბავშვები დამოუკიდებლად წერისა და შემოქმედების საოცრად დიდ მონდომებას იჩენენ. და ეს კითხვის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იდეალურია. დამოუკიდებლად წერისა და ტექსტების შესახებ იდეების გაცვლის პროცესში საუკეთესო შემთხვევაში კითხვისადმი ინტერესი გაღვივდება. სკოლის ფარგლებს გარეთ კითხვისას ბავშვები ხვდებიან, რომ უამრავი რამის აღმოჩენა შეუძლიათ, რაც მათი ინტერსების სფეროსთან ძალიან ახლოა. გარდა ამისა, მოზარდები კითხვას, როგორც სოციალურ საქმიანობას ეცნობიან. კითხვა არ ნიშნავს აუცილებლად კუთხეში მარტო მიჯდომასა და თავდავიწყებით კითხვას. მისი განცდა ციფრული მედიების საშუალებით სხვა ადამიანებთან ერთად ძალზე მრავალგვარად შეიძლება.

ახალი მედიების დანერგვამ პედაგოგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოტივაციასთან ერთად ისინი მედიებით გადატვირთვის საფრთხესაც ხედავენ. თქვენ რა შეხედულებისა ხართ ამაზე?

მე მგონია, ციფრული მედიების დანერგვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი ეს თვითმიზნად კი არ იქცევა, არამედ ნამდვილად დამატებით ღირებულებას წარმოადგენს. კლასიკური კულტურული ტექნიკების მოწოდება, როგორც მაგალითად, წერა-კითხვაა, მედიებისგან სარგებელს მხოლოდ მაშინ იღებს, თუკი ეს უკანასკნელნი კითხვის პროცესის გაღრმავებას უწყობენ ხელს და არ ემსახურებიან ყურადღების გადატანასა და დამატებითი შინაარსების უბრალო მოპოვებას.

მაგალითად, როდესაც ბავშვებსა და მოზარდებს უჩვენებენ, თუ როგორ უნდა მოიხმარონ საძიებელი მოწყობილობა?

დიახ, მაგრამ არა მარტო ეს. ბიბლიოთეკების, როგორც მეცნიერების გაზიარების თანამედროვე დაწესებულებებში ღირებული ხომ კიდევ ის არის, რომ აქ ძველი და ახალი მედიები ერთ სივრცეში ძალზე ჰარმონიულად და ეფექტურად ერწყმიან ერთმანეთს. ციფრული აპარატურის საზოგადოებაში ბიბლიოთეკები მნიშვნელოვანი არაკომერციული ადგილებია, რომლებიც პირადი კონსულტაციებისა და  შეხვედრების საშუალებას იძლევა. სწორედ მზარდი ციფრული ტენდეციების მქონე საზოგადოებაში, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს ყოველდღიურ ცხოვრებაში კლასიკურ წიგნებთან სულ უფრო ნაკლები ურთიერთობა აქვთ, ბიბლიოთეკები იმ გარემოს ქმნიან, სადაც ე.წ. Digital Native-ებისთვის სრულიად ბუნებრივი იქნება, პლანშეტს მზერა მოწყვიტონ, უახლოეს თაროსთან მივიდნენ და წიგნი აიღონ.


კატრინ ჰარტმანი გერმანიის ბიბლიოთეკების გაერთიანების პროექტებისა და პროგრამების სფეროს ხელმძღვანელობს და ბიბლიოთეკების კომპეტენციების ქსელის (KNB)  კოორდინატორია. ის მართავს პროექტს „კითხვა გვაძლიერებს: კითხვა და ციფრული მედიები“.