დიპლომატიის მესამე სვეტი

ის საგარეო პოლიტიკის საძირკველია - ასე მოიხსენია საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის კულტურის საგარეო პოლიტიკა. გასულ წლებში მან სწრაფი ცვლილებები განიცადა.

გერმანიის კულტურისა და განათლების საგარეო პოლიტიკამ, შემოკლებით AKBP-მ (Auswärtige Kultur- und Bildungspolitik), უდიდესი ცვლილებების პერიოდი გამოიარა. საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ის საგარეო პოლიტიკის პერიფერიული სფეროდან  უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში „საგარეო პოლიტიკის საძირკვლად“ იქცა. გარეგნულად ეს წარმოჩნდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორ მნიშვნელოვან საორგანიზაციო ნაბიჯში. 2003 წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემოიერთა ფედერალური მთავრობის პრესისა და საინფორმაციო სამსახურის უცხოეთის განყოფილება და ამით ნაბიჯი გადადგა პროფესიული გერმანული სახალხო დიპლომატიის მიმართულებით. მას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განყოფილებას  „კულტურა და კომუნიკაცია“ ეწოდება. 2015 წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა „კრიზისთა პრევენციის, სტაბილიზაციისა და პოსტკონფლიქტური ზრუნვის  განყოფილება“ დაარსა, რაც მის მიერვე  ინიციირებული პროცესის „რევიუ 2014 - საგარეო პოლიტიკის განვრცობა“ შედეგს წარმოადგენდა. ეს განყოფილება 2016 წ. უკვე 480 მილ. ევროზე მეტ თანხას განაგებს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის საგარეო პოლიტიკის მთლიანი ფინანსების ერთ მესამედზე მეტს შეადგენს.

კულტურის საგარეო პოლიტიკის ამოცანათა სპექტრის გაფართოვება 1990-იანი წლების დასაწყისის შემდეგომ განვითარებულ იმ ორ მიმართულებაზე დაიყვანება, რომელმაც არსობრივი ცვლილებები განაპირობა: კულტურის საგარეო პოლიტიკამ გაააქტიურა გერმანიის რეკლამა. გერმანიამ Soft Power-სა და საგარეო შეხედულებათა საერთაშორისო რეიტინგებში  გასაკვირად პოზიტიური შეფასება მიიღო. ეს კი გვაიმედებს, რომ უცხოეთში გერმანიის კულტურულ-პოლიტიკური სურათის შემდგომი განვითარებაც მომგებიანი იქნება. ამასთანავე, კულტურის საგარეო პოლიტიკაში ფასეულობათა თემა ადრინდელზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამიერიდან აღარაა საჭირო სხვა ქვეყნების უბრალოდ იმაში დარწმუნება, რომ თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების გარკვეული ფასეულობები ქვეყნის განვითარების ურყევ ბაზას ქმნიან.  მათ ასევე უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ფასეულობები კონფლიქტებს თავიდან აგვარიდებენ ან - კონფლიქტის უკვე არსებობის შემთხვევაში, - მათი მშვიდობიანად და კონსტრუქციულად მოგვარების საწინდარს წარმოადგენენ.

ბრწყინვალე იმიჯი უცხოეთში

უკანასკნელ დრომდე შედარებები და შეფასებები საერთაშორისო არენაზე გერმანიისათვის, ძირითადად, დადებითი იყო: BBC -ის  ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგებში გერმანიამ არაერთგზის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო Gallup-ის 2015 წ. რეიტინგში მას მეოთხე ადგილი ერგო;  2016 წ. იანვარში გამოქვეყნებული U.S. News&World Report-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გერმანია „მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნად“ შეფასდა. საიმონ ანჰოლტის Nation Brands Index-მაც  2015 წ. გერმანია პირველ ადგილზე დააყენა და ჯონათან მაკკლორის Soft Power-ის რეიტინგშიც 2015 და 2014 წ.წ. გერმანია სტაბილურად მეორე ადგილს აღწევდა.

თუმცა, ამ შედეგებმა არ უნდა მიგვიყვანოს მცდარ დასკვნებამდე. ეს მომენტალური ფოტოს მსგავსი სურათია, რომელიც ლტოლვილთა კრიზისსა და ევროკონფლიქტებთან ერთად შეიძლება კვლავ სწრაფად შეიცვალოს.  მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება გერმანიის კუტურის საგარეო პოლიტიკისათვის სოლიდურ ინფორმაციებთან მუშაობა, სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა და გულახდილი დიალოგი.

საერთაშორისო კონკურენციის ზრდა

ყველაფერს ფონად გასდევს კულტურის საგარეო პოლიტიკაში საუკუნეთა განმავლობაში მზარდი და გამძაფრებული საერთაშორისო კონკურენცია.  ეს  გულისხმობს კონკურენციას არა მხოლოდ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან, არამედ უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გარეთ მყოფ ქვეყნებთან.  ამაში მზარდი წარმატებით იღებენ მონაწილეობას ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ისევე როგორც თურქეთი და რუსეთი. ჩინეთმა სულ რამდენიმე წელიწადში მთელს მსოფლიოში 500 კონფუცის ინსტიტუტი დააარსა და ამ ციფრის 1000-მდე გასაზრდელად იღწვის. სხვა დასახელებულ ქვეყნებსაც სურთ უცხოეთში საკუთარი კულტურის ინსტიტუტების დიდი რაოდენობით ჩამოყალიბება, ზოგმა ნაწილობრივ ეს უკვე შეძლო.

საერთაშორისო მედიებში, უწინარესად კი, უცხოეთის ტელემაუწყებლობაში, არაბული სახელმწიფოებიც არიან ჩართული. სწორედ უცხოეთის ტელემაუწყებლობა იბრძვის გამეტებით საერთაშორისო ახალი ამბების მნიშვნელობის გასაზრდელად. თუმცა, ის, ასევე, მიზანმიმართული დეზინფორმაციის ინსტრუმენტიცაა ეროვნულ საგარეო კულტურასა და მედიაპოლიტიკაში.  ამის ერთ-ერთი მაგალითია Russia Today.  როდესაც საერთაშორისო ტელემაუწყებლობანი ჯერ კიდევ სიმრავლით არ გამოირჩეოდნენ, Deutsche Welle-ს თავისი კარგი და შედარებით მდგრადი პოზიცია ჰქონდა. ახლა იგი მსოფლიო მასშტაბით 30-ზე მეტ ტელეკომპანიას უწევს კონკურენციას.

არც ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული საშუამავლო ორგანიზაციების მუშაობაა მარტივი, ისეთების, როგორებიც, მაგალითად, არიან გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური, ჰუმბოლტის ფონდი ან უცხოეთთან ურთიერთობათა ინსტიტუტი, თუმცა, ეს მუშაობა წინანდელთან შედარებით გაცილებით საინტერესო გახდა.   როგორც ეს პროექტების და პროგრამების ირგვლივ ჩატარებულმა ევალუაციებმა გამოავლინა, ყველა მათგანი ნამდვილად წარმატებულად მუშაობს. თუმცაღა, ბოლო საერთო ევალუაცია 40 წლის წინ ჩატარდა. სწორედ გერმანიის საგარეო კულტურის პოლიტიკის ახალი განზომილების გათვალისწინებით დღევანდელი  თვითრწმენა თემებთან, მოქმედ პირებთან და პროგრამებთან მიმართებაში საინტერესო გააზრებების მომტანი იქნებოდა.