საქართველო - გერმანიის წელი 2017

Deutsch-Georgisches Jahr Grafik: Deutsch-Georgisches Jahr

საქართველო - გერმანიის წელი 2017

საქართველო-გერმანიის წლის (2017) საზეიმო გახსნა თბილისის საკრებულოს შენობაში 2017 წლის 21 აპრილს
 
2017 წლის 21 აპრილს, საღამოს, თბილისის საკრებულოს შენობაში (ძველი მერია), საქართველო-გერმანიის წელი (2017) ოფიციალურად გაიხსნება. გახსნას დაესწრება და სიტყვით გამოვა გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი კლაუს-დიტერ ლემანი.

სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა. საქართველო-გერმანიის წელი 2017“ გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან.

ზემოხსენებული იუბილეების აღსანიშნავად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ორგანიზებით, 2017 წელს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში ჩატარდება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წარსდგება საპატიო სტუმრის სტატუსით.

საქართველო-გერმანიის წლის პროგრამაში მონაწილეობს მრავალი პარტნიორი ორგანიზაცია, რაც ხელ უწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მრავალფეროვნების წარმოჩენას: იქნება ეს კულტურული ღონისძიებები, როგორიც არის თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, გამოფენები და ლიტერატურული საღამოები, თუ ბიზნეს-ფორუმები და განვითარების, ეკონომიკის, განათლების და სპორტის სფეროების პროექტები. საზეიმო წელი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ინტენსიურ ურთიერთობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებებს შორის.

21 აპრილს, საზეიმო გახსნისთვის თბილისში გერმანიიდან ჩამოვლენ გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი კლაუს-დიტერ ლემანი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კულტურის პოლიტიკის საკითხებში, ბატონი მიხაელ რაიფენშტუელი. გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მასალა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ვებ-არქივიდან, რომელსაც შექმნის ქართული ორგანიზაცია „სოვლაბი“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-არქივის მიზანია საქართველო-გერმანიის ურთიერთობების დოკუმენტური და ისტორიული წყაროების დაცვა და პოპულარიზაცია. გერმანია-საქართველოს წელი გერმანიაში ოფიციალურად გაიხსნება 2017 წლის 26 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მსოფლიო დარბაზში“, რომელსაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

საქართველო-გერმანიის წელთან დაკავშირებული ინფორმაცია და დაგეგმილი ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ Facebook გვერდზე www.facebook.com/DeuGeo2017