Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1)Direkt zur Sekundärnavigation springen (Alt 3)Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
EU4DialogueFoto: @ nini ninuca photography

სარეზიდენციო პროგრამა

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Dialogue ფარგლებში, სოციალურ თემებზე მომუშავე ფოტოგრაფებისთვის აცხადებს ერთკვირიან სარეზიდენციო პროგრამას თბილისში.

რეზიდენციის შესახებ
მიზანი: პროგრამა მიზნად ისახავს ნიჭიერი ფოტოგრაფების მოწვევას. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ განსხვავებული კულტურული სცენა და იმუშავონ მათ მიერ შერჩეულ პროექტზე სარეზიდენციო პროგრამის თემის გათვალისწინებით.

ფოკუსი: რეზიდენციის ფოკუსი არის სოციალური ხელოვნება, კერძოდ, ფოტოგრაფია.

სათაური: ახალი ჰორიზონტები - ჰორიზონტი, როგორც ყველაზე შორი ხილვადობის წერტილი, ჩარჩო საკუთარი თავის და გარემოს განსასაზღვრად, ცოდნისა და პერსპექტივის ლიმიტი. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველაზე განსხვავებულების შეხვედრის ადგილი, უსაზღვრო შესაძლებლობების ეფემერული დაპირება, მცდელობა, თავს მოხვეული ჭეშმარიტებისა და დამკვიდრებული შეხედულებების გადასაფასებლად, ახალი დიალოგის წამოსაწყებად და ახალი მოცემულობების განსასაზღვრად.

სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველმა ფოტოგრაფებმა უნდა იფიქრონ მოცემული თემების გარშემო და გამოაგზავნონ საკითხის საკუთარი ინტერპრეტაცია საპროექტო წინადადების სახით.

რას გთავაზობთ
გოეთეს ინსტიტუტი გიწვევთ ერთკვირიან სარეზიდენციო პროგრამაში და გთავაზობთ შემოქმედებით სფეროში გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობას. იგეგმება ერთკვირიანი ინტენსიური პროგრამა თბილისის და, ზოგადად, რეგიონის კულტურული სცენის აღმოსაჩენად. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშავონ ერთობლივ პროექტზე, რომლის პრეზენტაციაც გაიმართება სარეზიდენციო პროგრამის დასრულების შემდეგ.

დაფინანსება
სარეზიდენციო პროგრამის ყველა ხარჯს დაფარავს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი: ფოტოგრაფების მგზავრობა, სასტუმროში განთავსება, დღიური.

ლოკაცია
სარეზიდენციო პროგრამას უმასპინძლებს საქართველოს მწერალთა სახლი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ არტ-ნუვოს შენობაში მაჩაბელის ქუჩაზე და წარმოადგენს ღია კულტურულ-ლიტერატურულ სივრცეს თბილისში. 2008 წელს დაარსებულ მწერალთა სახლში იმართება საჯარო კითხვები, დისკუსიები, გამოფენები, ფილმის ჩვენებები და სხვა აქტივობები. მწერალთა სახლის მეოთხე სართულზე განთავსებულია ცნობილი ადამიანების სახელობის სარეზიდენციო ოთახები და სახლის ეზოში მდებარეობს კაფე „ლიტერა“. შთაბეჭდილების შესაქმნელად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი იწვევს აზერბაიჯანიდან, მოლდავეთის რესპუბლიკიდან და საქართველოდან ერთკვირიან სარეზიდენციო პროგრამაში ფოტოგრაფებს, რომელთაც სურვილი აქვთ აღმოაჩინონ ახალი კულტურული სცენა, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში შეიმუშავონ ახალი კონცეფცია ერთობლივი პრეზენტაციისთვის.

ხანგრძლივობა
28 ნოემბერი - 4 დეკემბერი, 2021 წელი


რეგისტრაცია
საბუთების ჩამონათვალი:
- სააპლიკაციო განაცხადი, სადაც წარმოდგენილი იქნება აპლიკანტის მიერ სარეზიდენციო პროგრამისთვის შემუშავებული საპროექტო წინადადება
- აპლიკანტის რეზიუმე / CV
- პორტფოლიო (უკანასკნელ ხანებში გადაღებული ფოტოები/ვიდეო) მაქს. 5 MB

ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი საბუთები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე maia.danelia@goethe.de 2021 წლის 15 ნოემბრამდე.

რეგისტრაციის პროცედურა
აპლიკანტები სააპლიკაციო განაცხადს და საპროექტო წინადადებას აგზავნიან ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. მათ მიერ შემოთავაზებულ საპროექტო წინადადებებს განიხილავს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ დაკომპლექტებული ჟიური. ჟიური გაითვალისწინებს მონაწილეების პროფესიულ გამოცდილებას და სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობის მოტივაციას.

შერჩეულ ფოტოგრაფებს ინფორმაცია ეცნობებათ 2021 წლის 17 ნოემბრამდე. შერჩეული მონაწილეებისთვის, საქართველოში ვიზიტამდე, გათვალისწინებულია ონლაინ შეხვედრა ერთმანეთის გასაცნობად და საპროექტო წინადადებების გასაზიარებლად, რასაც მოგვიანებით განავითარებენ ერთობლივი პროექტის სახით ერთკვირიანი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში.

საავტორო უფლება ©
სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის გამოყენებაზე საავტორო უფლებებს იტოვებს გოეთეს ინსტიტუტი რეზიდენციის მონაწილეებთან შეთანხმებით.


დამფინანსებელი: ევროკავშირი
ორგანიზატორი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
მხარდამჭერი: საქართველოს მწერალთა სახლი