ვებგამოფენა ადამიანი ვიდეო-თვალით | ციფრული ოაზისები

პარასკევი, 10.07.2020 -
ორშაბათი, 31.08.2020

ონლაინ www.digitaloases.space

ვებგამოფენა "ადამიანი ვიდეო-თვალით  | ციფრული ოაზისები" წარმოადგენს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და პლატფორმა "მდგომარეობებს შორის" ერთობლივ პროექტს.

// იდეა:
“ცხადია, სამყარო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორც მანამდე…” ეს ფრაზა 2019 წლის გამოფენის Post.Digital.Dreams-ის ტექსტის ნაწილი იყო; შემოქმედებითი იმპულსებით ნაკარნახევი მოსაზრება, რომელიც სულ ორიოდე თვეში რეალობად იქცა. მოულოდნელად აღმოვჩნდით ფიზიკური იზოლაციის ციფრულ "სამოთხეებში" - ვირტუალური ინტერაქცია საციცოცხლო მნიშვნელობის მოქმედება გახდა. პანდემიით გამოწვეულმა ხდომილებებმა, ეპოქალურად გარდამტეხი ფუნქცია შეასრულეს, რამაც სამყაროს პოლიტ-ეკონომიკური მატრიცის სისტემური ხარვეზები მწვავედ გამოაჩინა.
არჩევანი გარდაუვალია - ვამოწმებთ, ვრწმუნდებით, რომ ზუსტად ვიცით, რა ხდება ჩვენ გარშემო, შემდეგ კი - ვენდობით ან ვაკრიტიკებთ, მივყვებით ჰიპერბმულების უსასრულობას იქამდე, სანამ არჩევანის გაკეთება ისეთივე აბსურდული გახდება, როგორც თავად რეალური სამყარო.
რა არის ჩვენი რეზონირებისა და რეაქციის ხარისხი ამ მდგომარეობებთან მიმართებაში?  როგორია ჩვენი შემოქმედებითი როლი კრიზისის დროს?
ფაქტია, ვებმა და ციფრულმა ინტერაქციამ ჩამოაყალიბა ადამიანის ფსიქო-ფიზიკური ქცევის მოდალობის ახალი კონფიგურაცია - ადამიანი ეკრანის წინ… ადამიანი ვიდეო თვალით. 
გამოფენა იკვლევს ვების, როგორც მედიუმის და სივრცის შემოქმედებით შესაძლებლობებსა და საზღვრებს არსებულ ტერიტორიალურ და გლობალურ კონტექსტებთან მიმართებაში.
 
// პროექტის შესახებ:
 ვებ-გამოფენა, რომლის იდეა პანდემიის დროს დაიბადა,  ვირტუალურ სივრცეში, თვითიზოლაციის განმავლობაში შექმნილ 18 ნამუშევარსა და 33 ავტორს აერთიანებს. გამოფენის თემის ირგვლივ შექმნილი ნამუშევრები ცდილობენ უპასუხონ გარემოებათა ცვლილებათა ჯაჭვს, რომელიც მოულოდნელად დაატყდა სამყაროს. 
 
"ადამიანი ვიდეო-თვალით | ციფრული ოაზისები" ეს არის პირველი სრულფასოვანი და ამავდროულად ექსპერიმენტული მცდელობა საქართველოში, ნამუშევრების და გამოფენის ციფრულ სივრცეში ინტეგრაციისა. შესაბამისად, ვებ-გამოფენაში მონაწილე ყველა პროექტი სპეციალურად ვებ-სივრცისთვის შეიქმნა და წარმოადგენს ახალი ფორმების და მიდგომების ძიებას ქართულ სახელოვნებო სივრცეში.
 
პროექტის ავტორები და კურატორები: ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე, გიორგი სპანდერაშვილი.
 
მონაწილეობენ: ანუშკა ჩხეიძე და მანანიკო კობახიძე, გალაქტიონ ერისთავი, გვანცა ჯიშკარიანი, გიორგი როდიონოვი, თამარ გიორგაძე, თამარ მჭედლიშვილი, თიკო იმნაძე, ირინა ქურთიშვილი, მაკა კილაძე, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, სალომე ვეფხვაძე, სანდრო სულაბერიძე, სოსო მესხიშვილი და თამარ გიორგაძე, სოფო ქაშაკაშვილი, ქრისტინე ტუსიაშვილი, NUM (მარიამ სირვანი და მილად ბაგჰერი) ელ-თანამშრომლობა ნიქზარდ არაბშაჰთან;
Voice Yard collective: მარიამ მუმლაძე,  დიანა პანკოვა, ოლგა პილიპენკო, რიად სალამე, ვახო ნაკაშიძე;
Brief manifest collective: თეო ბურკი, სიძუ ჩენი, ჰუიპინგ იანგი, ტიანა პეტროვიჩი, მარიამ ნოზაძე და მარკ მეტსი, ემა მური.
 
გამოფენის დასათვალიერებლად მიჰყევით ბმულს: www.digitaloases.space

Mediale (R)Evolutionen

 
// თანამშრომლობა:
 საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და “მდგომარეოებებს შორის” თანამშრომლობის შედეგად, ასევე არაერთი პროექტი განხორციელდა 2018 წლიდან. მათ შორის, ტრანსმედიალეს კინო კურატორის და მკვლევარის, ფლორიან ვუსტის ლექცია და ჩვენებების სერია (2019 წ.) და საგამოფენო პროექტის Post.Digital.Dreams (2020წ.) ფარგლებში გერმანიაში მცხოვრები, ახალი მედია ხელოვნების მიმათულებით მომუშავე ხუთი ქართველი ხელოვანის ნამუშევრის განხორციელება და პრეზენტაცია.
 
// მდგომარეობებს შორის:

 “მდგომარეობებს შორის” ტრანსდისციპლინურ სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია ხელოვნებას, ახალ ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს.
 
პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ცვალებადი სოციო-პოლიტიკური კონტექსტების იდენტიფიცერებას, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ცოდნებისა და გამომსახველობითი ფორმების მანიფესტაციების გენერირებას საგამოფენო კონტექსტში. 
www.inbetween.media
 
 
 
 
 

დაბრუნება