გამოფენა მიბრუნება ორიენტალიზმთან

8.04.2021, 15:00 - 18:00

თბილისის ისტორიის მუზეუმი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სიონის ქ. 8
0105 თბილისი

ბაქოს გოეთეს ცენტრის გამოფენა

ევროპასა და აღმოსავლეთს შორის მრავალსაუკუნოვან დიალოგში სახვით ხელოვნებას ყოველთვის არსებითი წვლილი მიუძღოდა: თავდაპირველად, როგორც ბუნებისა და ცხოვრების წესის დოკუმენტს, და, მოგვიანებით, როგორც ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის პოეტურ, ზოგჯერ რომანტიზებულ, ეგზოტიკურ ხატს. მეოცე საუკუნის ძვრებმა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომით დაიწყო, - რასაც მალევე ოსმალეთის იმპერიის დაშლა მოჰყვა, - აიძულა მოდერნი და თანამედროვე ხელოვნება, უფრო კრიტიკულად შეეხედა რეგიონისთვის. 

ანდრეას ლანგი ისტორიულ ორიენტალისტურ ტილოებს პოლიტიუკური და სოციალური კონოტაციებით გაჯერებულ თანამედროვე პეიზაჟებს უპირისპირებს. მისი ეს პალიმფსესტი გახუნებულ ისტორიულ მასალაზე თანამედროვე შთაბეჭდილებების ზედდებაა. ასეთი მომნუსხველი ესთეტური მიდგომა ძველი აღმოსავლეთის იდუმალებას ხელუხლებლად ინარჩუნებს, მაგრამ თანამედროვე საზოგადოების კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებსაც ამჟღავნებს. საკვლევ სივრცედ ხელოვანმა არა მხოლოდ ისეთი კლასიკური აღმოსავლური მხარეები აირჩია, როგორიცაა ტუნისი, თურქეთი ან სპარესთის ყურე, არამედ სამხრეთი კავკასიაც, სადაც ოსმალური და სპარსული კულტურა რუსულ და, მოგვიანებით, საბჭოთა ზეგავლენას შეეჯახა, რომელმაც, სხვათა შორის, ორიენტალიზმის საკუთარი, სპეციფიური ფორმა წარმოშვა ხელოვნებაში, მუსიკაში, ლიტერატურასა და არქიტექტურაში.
გამოფენა, რომელიც სტამბულში, „Kulturakademie Tarabya“-ში [ტარაბიას კულტურის აკადემიაში] ლანგის რეზიდენციით და სოლო გამოფენითაა ინსპირირებული. 2020 წელს ის ონლაინ-პროექტის სახით ბაქოში იყო წარმოდგენილი.
 
გამოფენის კურატორი: ალფონს ჰუგი, ბაქოს გოეთეს ცენტრის დირექტორი
 
გამოფენის პარტნიორი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი. თბილისის ისტორიის მუზეუმი

ხელოვანის სტეიტმენტი

ჩემს ნამუშევრებში ისტორიის, მითოლოგიის და თანამედროვეობის სხვადასხვა შრეს ვიკვლევ, რათა ნარატიული სურათი წარმოიშვას. ერთგვარი ვიზუალური არქეოლოგია, რომელიც ზემოდან ედება ან, ზოგჯერ, ეჯახება უშუალო სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკოლოგიურ რეალობას. ამგვარად, სურათი საპროექციო სივრცედ იქცევა და ხშირად სცენას ან გადასაღებ მოედანს ემსგავსება, სადაც ძნელი გასარჩევია წარმოსახვა და რეალობა, წარსული და აწმყო.
ინტენსიური კვლევის ფაზის შემდეგ ადგილზე მივემგზავრები სურათების გადასაღებად. ჩემს ბოლოდროინდელ პროექტებში საარქივო და კვლევის შედეგად მოძიებული მასალები გამოფენილი ნამუშევრების უშუალო შემადგენელი ნაწილი გახდა. პროექტში „მიბრუნება ორიენტალიზმთან“ პირველად გადავწყვიტე ამ ორი შრის ზედდება კრიტიკულ კომპოზიციებში. ნამუშევრები დასავლურ-ორიენტალისტური პერსპექტივის დეკონსტრუქციის გზით მის ნგრევას იწვევს, იყენებს რა მის ესთეტიკას და ორიენტალისტური გამოსახულების და დღევანდელობის პალიმფსესტს ქმნის.           ა.ლ.


ინფორმაცია პროექტის შესახებ: RE-VISITING ORIENTALISM

ანდრეას ლანგმა სახელოვნებო მოღვაწეობა პარიზში დაიწყო. დღეს ის ბერლინში ცხოვრბს და, ფოტოგრაფიასთან ერთად, ვიდეოინსტალაციის სფეროშიც მუშაობს. ლანგის ფოტოსერიები პეიზაჟების და მათი დაფარული ისტორიის, მათ შორის ევროპის სულიერ-კულტურული დნმ-ისა და მასთან მიბმული ჰეგემონიის გარშემო ტრიალებს. ლანგის უკანასკნელი გრძელვადიანი პროექტი (2011-16) კოლონიალიზმის შესახებ ცენტრალურ აფრიკაში მისი დიდი პაპის მიერ გადაღებულ ფოტოებს და მის დღიურს ეფუძნება. ლანგს მრავალი ჯილდო და სტიპენდია აქვს მიღებული - მათ შორის ბერლინის კულტურსენატის სახვითი ხელოვნების შემოქმედებითი სტიპენდია 2017 წელს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბერლინის გალერეების გაერთიანების სტიპენდია AArtist in Residency 2016 წელს. მისი ნამუშევრები ნაჩვენები იყო, მათ შორის, ლაგოსის ბიენალეზე (2019), n.b.k. ბერლინში (2018), მერკოსულის ბიენალეზე პორტო ალეგრეში / ბრაზილია (2017), გერმანიის ისტორიულ მუზეუმში / ბელინი (სოლო გამოფენა, 2016), ალფრედ ერჰარდის ფონდში / ბერლინი (სოლო გამოფენა, 2016), მიუნნჰენის საქალაქო მუზეუმში (სოლო გამოფენა, 2013), დაიჰტორჰალლენის ფოტოსახლში / ჰამბურგი (2011) და Centro de Cultura Contempor­ania de Barcelona-ში (2007). 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ანდრეას ლანგი ტარაბიას კულტურის აკადემიის (სტამბული) სტიპენდიანტი იყო. ამჟმად ის მუშაობს ახალ გრძელვადიან პროექტზე მეხსიერების კულტურის შესახებ თურქეთში, და მისი სტიპენდია გაგრძელდა 2020 წლის განმავლობაში.
 
 

დაბრუნება