მომავლის განუსაზღვრელი ტრაექტორიები

Frau mit dem Lautsprecher © Goethe-Institut Open Call Goethe-Institut

კონკურსი ხელოვანებისთვის და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებისთვის

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტიტუციაა კულტურის სფეროში, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან, უკვე სამი ათწლეულია უწყვეტად თანამშრომლობს ადგილობრივ სახელოვნებო სექტორთან. საქართველოს დინამიკურ და ხშირად წინააღმდეგობებით აღსავსე კულტურულ ცხოვრებაში ასეთი ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ვაცხადებთ ღია კონკურსს ხელოვანებისათვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი სტრატეგიებით უპასუხონ შემდეგ კითხვებს: როგორი შეიძლება იყოს ინსტიტუციის როლი მუდმივ ცვალებადი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ისე, რომ არ დაირღვეს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება და ხელი შეეწყოს საერთაშორისო კულტურულ ურთიერთგაცვლას; როგორ შეიძლება ასეთმა ინსტიტუციამ განავითაროს დიალოგი და ურთიერთგაგება სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფებს შორის; ზოგადად, როგორი შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი ინსტიტუცია დღევანდელი გადმოსახედიდან მომავალში, პირობითად შემდეგი 30 წლის განმავლობაში, ლოკალური შემოქმედებითი ლანდშაფტის და რეგიონული თუ საერთაშორისო  პერსპექტივების გათვალისწინებით.

წარმოდგენილი იდეები, შესაძლოა მოიცავდნენ მომავლის უტოპიურ ხედვებს ტექნოლოგიური, გარემოს, ეკოლოგიისა თუ სოციალური ასპექტების გათვალისწინებით.

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ხელოვანებს თანამშრომლობისთვის სთავაზობს ღია პლატფორმას, საკუთარი სივრცის და სხვა რესურსების უზრუნველყოფით. ეს ფორმატი მოგვცემს იმის საშუალებას, რათა ერთი საგამოფენო პროექტის ფარგლებში განსხვავებული, თუმცა ერთიანი ხედვით წარმოვადგინოთ მომავლის კულტურული ინსტიტუციის ნარატივები. 

კურატორი: გიორგი სპანდერაშვილი.

გამოფენა გაიმართება 2024 წლის  28 ივნისს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის სივრცეში.


 

Goethe-Institut Georgien
კულტურის განყოფილება
Tel.: +995 2 32 93 89 45
Programm-Tbilisi@goethe.de