თავად გაეცანით, როგორ აფასებენ მასწავლებლები პროგრამას:
მაია აბაშიძე
2015-2017წწ.-ის მწვანე დიპლომის მფლობელი
მრავალი წელი დავდიოდი გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებზე. სწავლების შემოთავაზებულ დიდაქტიკურ მეთოდებს ყოველთვის ინტერესით ვეცნობოდი და სკოლაში ჩემს გაკვეთილებზე ვიყენებდი. „მწვანე დიპლომი“ პროფესიული განვითარების და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობად მიმაჩნდა.
კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდი არ იყო მარტივი. ძალიან ვიღლებოდი. ხანდახან დროის სწორად გადანაწილებასაც ვერ ვახერხებდი. ძალზე ბევრი მასალა მქონდა წასაკითხი, დასაწერი, უამრავი დავალება, რომლებიც კვირის განმავლობაში უნდა შემესრულებინა. დროის სწორმა მენეჯმენტმა სწავლის პროცესი საგრძნობლად გამიადვილა.
სასწავლო პლატფორმა სწავლის პერიოდშივე თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების და დახელოვნების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, პარალელურად გადიხარ პრაქტიკას და ყველაზე თანამედროვე გაკვეთილებზე დასწრების საშუალება გაქვს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გაკვეთილებზე დასწრება ყველაზე ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.
დღესდღეობით ჩემი გაკვეთილები სრულიად განსხვავებულია, ვინაიდან როგორც პედაგოგი გაცილებით კომპეტენტური ვარ. გაკვეთილის დაგეგმვისას, გრამატიკის, ქვეყანათმცოდნეობისა თუ ლექსიკის სწავლებისას კვალიფიკაციის ამაღლების ფარგლებში ნასწავლ მეთოდებს მივმართავ. ყველაზე უკეთ გაკვეთილზე მედიასაშუალებების გამოყენება გამომდის. უფრო თავდაჯერებული მასწავლებელი ვარ. შემიძლია საკუთარ გაკვეთილზე დაკვირვება, რეფლექტირება და ქმედებაზე ორიენტირებულად დაგეგმვა.
სიამოვნებით ვუწევ რეკომენდაციას „მწვანე დიპლომს“, ვინაიდან აღნიშნული პროფესიული მომზადება მეთოდურ-დიდაქტიკური უნარების დახვეწის შესაძლებლობას იძლევა. გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილზე გამოსაყენებელ აქტუალურ მეთოდებს და ხერხებს საკუთარ თავზე გამოცდით. როგორც ონლაინ, ისე დასწრებული სწავლების ფაზაში მოტივირებულ კოლეგებთან ერთად მსჯელობას გამართავთ გაკვეთილზე. პრაქტიკაზე დაკვირვების პროექტების დახმარებით კი შეძლებთ არსებული ცოდნის რეფლექტირებას და ახალი იდეების გაკვეთილზე რეალიზებას. პედაგოგი მუდამ უნდა ვითარდებოდეს პროფესიულად და ამისათვის, ჩემი აზრით, „მწვანე დიპლომი“ საუკეთესო შანსია.
შალა გურბანოვა
2017-2019წწ. მწვანე დიპლომის მფლობელი
ჩემი სპეციალობა (ტრანსლატოლოგია), გერმანულის როგორც უცხო ენის სფეროს არ ესადაგებოდა. მაგრამ, ვინაიდან მასწავლებლობა ძალზე მსურდა, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დანაკლისი უნდა შემევსო. ბაქოს ენის სასწავლო ცენტრში სამთვიანი პრაქტიკა და მოგვიანებით მიღებული პროფესიული გამოცდილება არასაკმარისი აღმოჩნდა. აუცილებელი იყო ცოდნის სრულყოფა. და შანსს, მონაწილეობა მიმეღო „მწვანე დიპლომში“, ხელიდან ვერ გავუშვებდი.
დავიწყე სახელმძღვანელოების მიზნების, საშუალებებისა და სტრუქტურის გააზრება და ეს მოცემულ მასალასთან გამკლავებაში დამეხმარა. გარდა ამისა, გაკვეთილის დაგეგმვისას უფრო თავდაჯერებული ვარ, რაც გაკვეთილის ხარისხზეც აისახება.
განსაკუთრებით გამიჭირდა პროფესიული მომზადების პირველ ნახევარში დამოუკიდებლად სწავლა. სამაგიეროდ ძალზე ვაფასებ ახალ მეგობრებს, რომლებიც სწავლის პერიოდში შევიძინე. სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე კოლეგებთან მუდამ აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს, რაც ძალზე მახარებს. თუმცა მინსკში და ბერლინში ჩატარებული დასწრებული სემინარებიც შესანიშნავად მახსენდება.
„მწვანე დიპლომს: უყოყმანოდ ვურჩევ ყველას, ვისაც მიზნად აქვს დასახული მაღალკვალიფიციური გერმანული ენის მასწავლებლობა. „მწვანე დიპლომში“ მონაწილეობა მხოლოდ მიზანდასახულმა, პროფესიაზე ფოკუსირებულმა, მოტივირებულმა და პასუხისმგებლიანმა მასწავლებლებმა უნდა მიიღონ, ვინაიდან მართლაც ბევრი წვალება, დრო, მოთმინება, გუნდურად მუშაობის უნარი და შემწყნარებლობაა საჭირო.
„მწვანე დიპლომის“ აღების შემდეგ ნათლად დავინახე შეცდომები, რომლებსაც უწინ გაკვეთილზე ვუშვებდი, ასევე ის, თუ რამდენნაირი სავარჯიშო და დამხმარე საშუალება არსებობს. მიხარია, რომ „მწვანე დიპლომი“ პროფესიული კარიერის დასაწყისშივე ავიღე. ეს იყო წარმოუდგენლად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.