ნიურნბერგის რეკომენდაციები
ენის არჩევა და ენების შესწავლის თანმიმდევრობა

თუ რომელი უცხოური ენები ისწავლება ქვეყანაში, ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საზოგადოებრივი მოცემულობები, ქვეყნის საგარეო ურთიერთობები და მისი ჩართულობა რეგიონალურ და გლობალურ ქსელებში მნიშვნელოვნად განაპირობებს უცხოური ენების არჩევას და მათი შესწავლის თანმიმდევრობას. როგორც წესი, პირველ ენას „საჭიროების პრინციპით“ ირჩევენ და ეს უმეტეს შემთხვევაში არის ინგლისური – გლობალური ლინგვა ფრანკა. 

მაგრამ თუ ევროპის მსგავსად მივისწრაფით მრავალენოვნებისაკენ, რაც სულ მცირე ორი თანამედროვე უცხოური ენის შესწავლას გულისხმობს, მაშინ პირველი უცხოური ენის შერჩევისას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, თუ რა როლს შეასრულებს პირველი უცხოური ენა შემდგომი ენების შესწავლაში. ეს განსაკუთრებით ეხება სკოლამდელ ასაკში პირველი უცხოური ენის შესწავლის დაწყებას, რადგან პირველმა უცხოურმა ენამ კარი უნდა გახსნას სხვა ენებისათვის[1]

მშობლების უმეტესობა პირველ ენად ინგლისურს ირჩევს, რადგან მათი აზრით, ამ ენის შესწავლა ადვილია და ინგლისურის როგორც გლობალური საკომუნიკაციო საშუალების ფლობა მათ შვილებს სამომავლოდ კარგ შანსს შეუქმნის სხვა ენების შესწავლისა და პროფესიული კარიერის თვალსაზრისით. ამ დროს ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ რეალურად მობილობას რეგიონალური ფაქტორები განაპირობებს და ბევრგან ინგლისურის ნაცვლად სხვა ენები უფრო გამოიყენება. ამავე დროს ინგლისურის, როგორც პირველი უცხოური ენის ცოდნა, არ ქმნის სხვა ენების სწავლის მოტივაციას. 

მაგრამ თუ პირველი უცხოური ენა იქნება სხვა ენა და მას ბავშვის ასაკის შესაფერისი და ეფექტური მეთოდებით ასწავლიან ბავშვებს, მათში შეიძლება გაიღვიძოს ამ უცხოური ენისა და კულტურის მიმართ დადებითმა  დამოკიდებულებამ. უცხოური ენების არჩევის ასეთი თანმიმდევრობა გამოიწვევს ინგლისური ენის შესწავლის დაწყებას სამი ან ოთხი წლით გვიან, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის ინგლისური ენის სასურველი დონის მიღწევას&[2].

ენობრივი პოლიტიკის პერსპექტივიდან რეგიონალური მრავალენოვნების კონცეფცია[3] ხელს უწყობს ენების შერჩევისა და მათი შესწავლის თანმიმდევრობის მიმართ განსხვავებულ მიდგომას. ამ კონცეფციის მიხედვით პირველ ადგილზე დგას ბავშვის ინდივიდუალური სურვილები, მისი საკომუნიკაციო და სასწავლო მოთხოვნილებები, მათ შორის მისი მომავალი პიროვნული და პოფესიული ამბიციებიც. ამიტომ საჭიროა ადრეულ ასაკში უცხოური ენების შესწავლის და მათი შერჩევის თანმიმდევრობის მრავალფეროვანი და მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რაც ბავშვებში რეგიონალურად რელევანტური მრავალენოვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
 

რეკომენდაცია:

  • უნდა მოხდეს უფრო მეტი უცხოური ენის შეთავაზება, რათა ბავშვებს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ.
  • ენების შესწავლის თანმიმდევრობა ინდივიდუალური და რეგიონალური მრავალენოვნების კონტექსტის გათვალისწინებით უნდა იყოს მოქნილი და მოსახერხებელი.
  • უნდა ხდებოდეს პირველი უცხოური ენის მუდმივი გაღრმავება
  • უნდა გაძლიერდეს რეკლამა იმისათვის, რომ მშობლები კარგად გაეცნონ ენების არჩევის თანმიმდევრობის მნიშვნელობასა და უპირატესობებს.
  • თუ ინგლისური პირველი უცხოური ენაა, მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მომდევნო უცხოური ენების თვალსაზრისით. ინგლისური უნდა გახდეს გზის გამკვალავი სხვა უცხოური ენებისათვის.


წყაროები
[1] Legutke (2006)
[2] რამდენიმე კვლევის მიხედვით მოსწავლეებს უცხოური ენების სწავლის ასეთი „შებრუნებელი“ თანმიმდევრობა ეხმარებათ წარმატებებს მიაღწიონ როგორც პირველი უცხოური ენის, ასევე ინგლისურის, როგორც მეორე უცხოური ენის შესწავლისას. (Orešič 2002)
[3] Gehrmann (2007, 2009)

დამატებითი ინფორმაცია