ნიურნბერგის რეკომენდაციები
მშობლები

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მშობლები და მასწავლებლებიც შიშობენ, რომ ძალიან ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლა ბავშვებისათვის ზედმეტი დატვირთვაა, დღესდღეობით მშობლების უმეტესობა მაინც მიიჩნვს, რომ ეს მათ შვილს კარგ პერსპექტივებს უქმნის. ისინი ინფორმირებული არიან იმის შესახებ, რომ ადრეულ ასაკში ერთი უცხოური ენის შესწავლის დაწყება მათ შვილებს სამომავლოდ სხვა უცხოური ენების შესწავლას გაუადვილებს. 

აღმზრდელებთან და მასწავლებლებთან ერთად მშობლები სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვის საუკეთესო გარანტები არიან. მათ შეუძლიათ ბავშვებს საუკეთესო პირობები შეუქმნან სწავლისათვის. თუ ისინი დადებითად არიან განწყობილი უცხოური ენების შესწავლის მიმართ და ეხმარებიან ბავშვებს სწავლის პროცესში, ბავშვიც უფრო მეტი სიამოვნებით და მოტივაციით მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. 

უცხოური ენების მიმართ ბავშვების ინტერესს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განაპირობებს, როგორიცაა საინტერესო თემები, შექება და გამხნევება სკოლაში და მის გარეთაც. ამიტომაც საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა უფრო მეტად უნდა ჩართონ მშობლები დაგეგმვის პროცესში და მათი მხარდაჭერა მოიპოვონ. რაც უფრო შეწყობილად მოქმედებენ სასწავლო დაწესებულებები და მშობლები, მით უფრო მეტი წარმატებით სწავლობენ ბავშვები.
 

რეკომენდაცია:

  • მშობლები ინფორმირებული უნდა იყვნენ უცხოური ენის სწავლების მიზნებისა და შინაარსების, ასევე სწავლის ფსიქოლოგიური წინამძღვრების შესახებ. მათ სისტემატურად უნდა მიიღონ ინფორმაცია ბავშვის განვითარებისა და წინსვლის შესახებ. მხოლოდ ასე შესძლებენ ისინი, ეფექტურად ჩაერთონ ბავშვის სასწავლო პროცესში
  • მშობლებმა აქტიურად უნდა აჩვენონ შვილს დაინტერესება მისი სწავლის საგნის მიმართ, იქნება ეს საუბრების, შექების, გამხნევებისა თუ სხვა ფორმით. ნასწავლის წარმოჩენა ბუნერბრივი ინტერესის გამომხატველი უნდა იყოს და არ უნდა შეუქმნას ბავშვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონტროლი და შემოწმებაა.
  • სწავლის პროცესზე მშობელმა გამუდმებული კორექტურებით ნეგატიური გავლენა არ უნდა მოახდინოს. შეცდომების გასწორება აღმზრდელებისა და მასწავლებლების პრეროგატივაა და ისინი ამას სიფრთხილით და მიზანმიმართულად ახორციელებენ, რომ ბავშვი არ დაითრგუნოს და არ მოხდეს მეტყველების პროცესის შეფერხება გამუდმებული კორექტურის გამო.
  • მშობლები ჩართული უნდა იყვნენ სხვადასხვა საერთო აქტივობებში, მონაწილეობა უნდა მიიღონ მშობელთა შეკრებებში, საინფორმაციო ღონისძიებებსა და სასკოლო ზეიმებში. მათ თავად უნდა აიღონ მასწავლბელებთან შეხვედრების ინიციატივა, თუ ეს რეგულარულად არ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე ერკვეოდეს ერთმანეთის მოვალეობებსა და კომპეტენციებში და პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სამოქმედო სფეროებს.