ნიურნბერგის რეკომენდაციები
სპეციალიზირებული აღმზრდელები და ენის მასწავლებლები

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლებაში გადამწყვეტი ფუნქცია აღმზრდელსა და მასწავლებელს ენიჭება. მშობლებთან ერთად ისინი ბავშვებისათვის ახლობელ და საიმედო ადამიანებს წარმოადგენენ. მხოლოდ მათ შეუძლიათ უშუალო სასწავლო ატმოსფეროსა და ბავშვებისათვის მისაღები სასაწავლო გარემოს შექმნა. რაც უფრო კვალიფიციურია აღმზრდელი და მასწავლებელი ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის სპეციფიკის თვალსაზრისით, მით უფრო წარმატებულია ბავშვებში სწავლის პროცესი.

მათ მოეთხოვებათ სპეციალიზირებული ცოდნა და კომპეტენციები (მოცემული უცხო ენისა და კულტურის კარგი ცოდნა, პედაგოგიური უნარ-ჩვევები, მეთოდურ-დიდაქტიკური კომპეტენციები). მნიშვნელოვანია, რომ ისინი სხვა არასპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებებს ფლობდნენ. მაგალითად[1],

  • სხვებთან ურთიერთობის სურვილი და ხალისი
  • ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარი და სურვილი
  • ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნება
  • უნარი, ამოიცნოს და გამოიყენოს სწავლის სწორი სტრატეგია
  • გათავისებული ჰქონდეს პრინციპი „სწავლა სიცოცხლის ბოლომდე“ და ამკვიდრებდეს მას მოსწავლეებშიც
  • გახსნილობა ახალი მეთოდებისა და მიდგომებისადმი
  • კოლეგებთან და ბავშვებთან ჰარმონიული და ნაყოფიერი მუშაობის უნარი
  • ტექნიკისა და მედიების ცოდნა და მუდმივი გაუმჯობესების სურვილი
  • საკუთარი პროფესიული როლისა და დავალების მიმართ თავდაჯერებული, მიზანმიმართული და კრიტიკული მიდგომა
  • მზაობა, ითანამშრომლოს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩართულ ყველა აქტიორთან
ხშირად აღმზრდელი/მასწავლებელი ერთადერთი ადამიანია, ვისი საშუალებითაც ბავშვს უცხო ენასთან შეხება აქვს. ამიტომ ის ენა, რომელსაც აღმზრდელი და მასწავლებელი იყენებს, ბავშვისთვის არის მისაბაძი მოდელი. აუცილებელია, რომ აღმზრდელი და მასწავლებელი უცხოურ ენას ისე კარგად ფლობდეს, რომ გაკვეთილი მთლიანად ამ ენაზე წარმართოს. მისი ფონეტიკა, მელოდია და ინტონაცია სამაგალითო უნდა იყოს. 

აღმზრდელმა/მასწავლებელმა ბავშვები უცხოურ ენასთან ერთად უცხო კულტურასაც უნდა აზიაროს. ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ინტერკულტურული ცოდნითა და კომპეტენციის დახმარებითაა შესაძლებელი. მას მოეთხოვება კულტურის მრავალმხრივი ცოდნა (მაგ., ამ ენაზე შექმნილი საბავშვო ლიტერატურის ცოდნა), რომ გაკვეთილზე დასახულ გამოწვევას გაუმკლავდეს. იმისათვის რომ ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლება ბავშვის მოთხოვნილებებს შეესაბამებოდეს, დიდი მნიშვნელობა აქვს აღმზრდელისა და მასწავლებელის მუსიკალურ და მსახიობურ უნარებს.

განსაკუთრებული ადგილი ადრეულ ასაკში უცხო ენის სწავლისას მასწავლებლის ინტერპერსონალურ კომპეტენციებს უკავია. მას უნდა შეეძლოს პარტნიორული, პატივისცემით განმსჭვალული სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც ბავშვები შიშსა დაუნდობლობას არ განიცდიან. ჯგუფური მუშაობის უნარი, ინიციატივის წამოყენების ნიჭი გაკვეთილზეც და მის გარეთაც კოლეგებთან და მშობლებთან ურთიერთობაში სასწავლო პროცესზე დადებითად მოქმედებს. 

კოლეგებთან თანამშრომლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია საერთო დაგეგმვისა და უფლება-მოვალეობების შეთანხმებისას, მაგრამ ასევე გაკვეთილების ჩატარებისა ან დისციპლინათშორისი პროექტების განხორციელებისას. ასეთი თანამშრომლობა არა მხოლოდ საბავშვო ბაღისა და სკოლის შიგნით უნდა ხდებოდეს, არამედ სხვა სკოლებთან და საბავშვო ბაღებთანაც. განსაკუთრებით საყურადღებო კი ბაღების აღმზრდელებსა და სკოლის მასწავლებლებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლაა, რადგან აღსაზრდელი საბავშვო ბაღიდან სკოლაში უნდა გადავიდეს. სასწავლო  გეგმებისა და მასალის ერთობლივად დაგეგმვით და ლოგიკური განაწილებით ერთიდაიგივე მასალის ორჯერ გავლის თავიდან აცილება მოხდება.
 


წყაროები
[1] BIG (2007)
[2] კონსტრუქციული მეთოდური მიდგომის განმარტებები, Fthenakis (2009) ტომი. 5, გვ. 24 f

დამატებითი ინფორმაცია