ნიურნბერგის რეკომენდაციები
სწავლის ადგილები

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლება ხდება საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვალიფიციური სასწავლო პროცესისათვის აუცილებელია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს ბავშვზე მორგებულ გარემოში, სივრცე და ოთახების მოწყობა უნდა ქმნიდეს ბავშვისათვის დაცულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა შესაძლებელია და სადაც ბავშვის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. 

ყველაზე კარგად ბავშვი მისთვის სასიამოვნო გარემოში მაქსიმალურად მცირე სასწავლო ჯგუფში ახერხებს საკმარისი სტიმულის პოვნას, რომ სხვა ენაზე დაიწყოს ლაპარაკი და საკუთარი სურვილებიც თამამად გამოხატოს. სწავლის უწყვეტობას ხელს უწყობს ისიც, რომ არ ხდებოდეს სასწავლო ოთახის შეცვლა, სადაც ბავშვისთვის სტაბილური სასწავლო ატმოსფეროა შექმნილი.

ერთი სასწავლო დაწესებულების შენობაში უნდა არსებობდეს საშუალება, რომ აღმზრდელები და პედაგოგები ერთმანეთს დაწვრილებით უთანხმებდნენ სასწავლო მიზნებს, მეთოდებს, შინაარსებსა და სასწავლო წინაპირობებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხოური ენის სწავლებისათვის დამატებითი მასწავლებელი ხდება საჭირო.
 

რეკომენდაცია:

არ უნდა ხდებოდეს სასწავლო ოთახების ცვლა, რადგან ბავშვებში გაჩნდეს უსაფრთხო ატმოსფეროს განცდა. 

სხვადასხვა საფეხურის მასწავლებლები და აღმზრდელები ერთმანეთს უნდა უზიარებდნენ ინფორმაციას.  რეკომენდირებულია:

  • სასწავლო გეგმების, გაიდლაინების, სასწავლო მიზნების, შინაარსებისა და თემების ერთმანეთისათვის გაცნობა
  • სასწავლო პორტფოლიოების შევსება
  • საკოორდინაციო შეხვედრების მოწყობა
  • ერთმანეთის მეცადინეობებზე დასწრება და ერთობლივ სემინარებში მონაწილეობა

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის უწყვეტობისათვის ხშირად პრობლემატურია ის ფაქტი, რომ სწავლა საბავშვო ბაღში იწყება და სკოლაში გრძელდება[1].

ამ უწყვეტობის უზრუნველყოფა ინსტიტუციონალურ დონეზეა შესაძლებელი, თუ მოხდება უცხოური ენების სასწავლო გეგმების შეთანხმება საბავშვო ბაღებსა და სკოლის დაწყებით კლასებს შორის. დაწყებითი კლასების მასწავლებლები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სასწავლო თემებს გადიან აღმზრდელები საბავშვო ბაღებში და რა კონკრეტული დავალებები სრულდება. შედეგად ისინი უფრო ეფექტურად დაგეგმავენ საკუთარ სასწავლო პროცესს და მოერიდებიან გამეორებებს. თავის მხრივ აღმზრდელებიც უფრო კარგად შეამზადებენ აღსაზრდელებს სასკოლო პროგრამისათვის. 

არსებობს საჭიროება, რომ კურიკულუმების დონეზე დარეგულირდეს უცხოური ენის სწავლების პროგრესია და განგრძობადობა.

რეკომენდაცია:
  • კურიკულუმები (სწავლის დაწყების დრო, ენის არჩევა, ენების თანმიმდევრობა და საათების რაოდენობა, მიზნები) სწორად უნდა შეეთანხმოს ერთმანეთს. მთლიანი საგანმანათლებლო პროცესისათვის, ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას ერთიანი საგანმანათლებლო თეორიული საფუძველი[2].
  • როგორც ზოგიერთ ქვეყანაშია, კარგი იქნებოდა აღმზრდელებისა და მასწავლებლებისათვის თუნდაც მცირე ხნით ერთობლივი საუნივერსიტეტო განათლების შეთავაზება, რაც თანმიმდევრული განათლების სისტემის არსებობას შეუწყობდა ხელს[3].
  • ერთი საგანმანათლებლო საფეხურიდან შემდგომზე გადასვლა ინსტიტუციონალურ დონეზე ხანგრძლივი პერსპექტივიდან უნდა დაიგეგმოს, რაც უწყვეტ სასწავლო პროცესს უზრუნველჰყოფს.
  • სახელმძღვანელოებისა და მასალების შედგენისას ორნიეტაცია არ უნდა იქნას აღებული სასკოლო კლასებზე.


წყაროები
[1] BIG (2009)
[2] Wassilios Fthenakis (01/2010)
[3] იხ. იქვე.