ისტორიები ფოკუსში
ვისწავლე მრავალი რთული საკითხის და გამოწვევის დაძლევა, მათი გადალახვა, ძალისხმევით, თუმცა დიდი გამოცდილებით და მეხსიერებით. მაგალითად ის, რომ ყველაფერი რაც მე ვიცი, რა პრაქტიკაც აქამდე მიგროვებია და მინდა ამ სივრცეს მოვახმარო - არ კმარა. ჩემში საჭირო გახდა კურატორობის მაქსიმალურად ეფექტური უნარის გამომუშავება. გუნდთან სწორი და მიზანსწრაფული კომუნიკაციის დაჭერა. მეტი სიზუსტის, სიფრთხილის და თადარიგის შემუშავება თითოეული ღონისძიებისა თუ საქმიანობის პერიოდში. ეს არის ახალი საჭირო უნარების შემუშავების საუკეთესო გზა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბევრად მეტ დროს საჭიროებს იმისთვის, რომ იოლად და თამამად შეუერთდეს მსგავს სიახლეებს, სანიაოში მაინც მოხერხდა მათი ხშირი სტუმრობა და მათზე ამ გარემოს მეშვეობით სასიამოვნო შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ყველაფერი კი მათ სიახლოვეს მომავალშიც გულისხმობს.
მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თემისთვის ჩვენი გუნდისადმი დამოკიდებულება კიდევ მეტი კეთილგანწყობისკენ შეიცვალა, რადგან განხორციელებული პროექტები მათთვის მეტად თვალსაჩინო და ხელშესახები გახდა (ადგილობრივი თიხისგან დამზადებული კერამიკა და მისი შემდგომი პერსპექტივა, ადგილობრივი დარბაზების და ჩუქურთმების დაგებით ქსოვილზე ბეჭდვის ტექნიკა, მერხი სოფლის ცენტრში) და ასევე მათი უშუალო მონაწილეობით დამზადდა და გაკეთდა.
აჩუქო ხალხს მუსიკის მოსმენის, ცეკვის და გართობის სივრცე, რთული და საპასუხისმგებლოა - ჩვენ ვცდილობთ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ სტუმრებს. მარტყოფელებისთვის კულტურის კერის პატარა ჩანასახს ვქმნით და სოფელს მიმზიდველობას ვძენთ თბილისიდან თუ სხვა რეგიონებიდან მომავალთთათვის. ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნოა ის, რომ “ულევი” ხალხის ნდობას და სიყვარულს იღებს - მეგობარი მუსიკოსები, მარტყოფელი მოხალისეები, მასტერკლასების წამყვანები და სხვანი ვინც უანგაროდ გვეხმარებიან ჩვენს თანაგუნდელებად მოიაზრებიან. ახალშექმნილი კომუნა ბევრისთვის კონსტრუქციული გართობის სივრცედ, ზოგისთვის კი თავშესაფრად იქცა.
პროექტი „გორის ლანდშაფტები“ იყო მცდელობა, დროის სწრაფად ცვალებად ნაკადში დაგვეფიქსირებინა ის გორი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს - ფრაგმენტული, დაუმთავრებელი, ბუნებრივსა და ურბანულს შორის გაჭედილი. შთამბეჭდავი იყო ის, თუ როგორ იქცა ფოტოები, ვიდეო და გაზეთი „შრე“ დიალოგის საბაბად - არა ხელოვნების ავტონომიური პროდუქტი, არამედ ქალაქზე ფიქრისა და საკუთარ სივრცესთან დამოკიდებულების გადახედვის ინსტრუმენტი. ეს განსხვავებული ხედვა ბევრისთვის იქცა აღმოჩენა - რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შედეგი მგონია.