შემოქმედებითი უნარების აკადემია
საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერება
შემოქმედებითი უნარების აკადემია არის უნარ-ჩვევების განვითარების პლატფორმა, რომელიც შემოქმედებასა და ბიზნესს აკავშირებს. ინიციატივა მხარს უჭერს შემოქმედებითი ადამიანების პროფესიულ განვითარებას, თანამშრომლობითი ქსელების შექმნასა და შემოქმედებითი წამოწყებების მდგრადობას.
შემოქმედებითი უნარების აკადემიის მიზანია:
- რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანების ბიზნესთან, მეწარმეობასა და ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული უნარებითა და ცოდნით აღჭურვა;
- მონაწილეებისთვის გამოცდილების გაზიარების, კავშირების დამყარებისა და ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობის შექმნა.
ვისთვის და რატომ არის აკადემია მნიშვნელოვანი
აკადემიის პოტენციური მონაწილეები არიან:
- განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი შემოქმედებითი საწარმოების წარმომადგენლები, რომელთაც ბიზნესის სტრუქტურის გამართვა ან გაფართოება სჭირდებათ;
- შემოქმედებითი ადამიანები კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა ქვე-სექტორიდან;
- კულტურის პროფესიონალები და პროექტის მენეჯერები, რომლებსაც ბიზნესისა და წარმოების მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერება სურთ;
- ხელოვანები, რომელთაც უკვე აქვთ იდეები, მაგრამ მათი გამყარება, სტრუქტურირება და ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება სჭირდებათ.
აკადემიის სტრუქტურა
- შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების პროგრამა - ექვსთვიანი სასერტიფიკატო პროგრამა შერჩეული მონაწილეებისთვის.
- მოკლევადიანი საგანმანათლებლო შესაძლებლობები - სესიები, მასტერკლასები, პრეზენტაციები კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ფართო ჯგუფისთვის.
თანამშრომლობა
შემოქმედებითი უნარების აკადემია ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტსა და დიზაინის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობით. დიზაინის ინსტიტუტი არის ქართული საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზებული დიზაინზე ორიენტირებულ სწავლებაზე, შემოქმედებით მართვასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციებზე. აკადემიის სასწავლო, მენტორობისა და თანამშრომლობითი კავშირების გაძლიერების კომპონენტების სრულყოფილად შესრულებას უზრუნველყოფს სწორედ დიზაინის ინსტიტუტი, რომელიც დიდ გამოცდილებას ფლობს ჰიბრიდული განათლების, გრძელვადიანი სასწავლო პროგრამებისა და სექტორული მენტორობის მიმართულებით.
შემოქმედებითი უნარების აკადემია ითვალისწინებს მენტორების, ინდუსტრიის ექსპერტებისა და პოტენციური ინვესტორების ჩართულობას, რათა მათ მხარი დაუჭირონ ახალი წარმოების განვითარებას და წვლილი შეიტანონ ძლიერი და ინკლუზიური შემოქმედებითი ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში. თითოეულ მათგანს აქვს ბიზნესში, ფინანსებში, სამართალში, მარკეტინგსა თუ შემოქმედებით წარმოებაში საქმიანობის რეალური, პრაქტიკული გამოცდილება. მსგავსი კომპეტენციის ექსპერტების მიერ მონაწილეთა უწყვეტი მხარდაჭერა და სტრუქტურირებული უკუკავშირი მნიშვნელოვნად გაზრდის სასწავლო შედეგების ხარისხს.
განაცხადების მიღება შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების პროგრამაზე
2026 წლის თებერვლიდან აკადემია იწყებს მონაწილეების შერჩევას შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების 6-თვიანი პროგრამისთვის.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 9 მარტი, 23:59 საათი.
განცხადებების მიღების პროცესთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: csa@di.ge
შედეგები
ერთი მხრივ - მონაწილეთა ცოდნის გაღრმავების, ბიზნეს-გეგმების შექმნის, წარმოების მართვის, ფინანსების, სამართლებრივი საფუძვლებისა თუ ციფრული მიმართულებით პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვის, მეორე მხრივ კი - მათი პროფესიული ქსელის გაფართოების, ქვეყნის მასშტაბით ცნობადობის გაზრდისა და ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბებისა გზით, შემოქმედებითი უნარების აკადემია ხელს შეუწყობს რეგიონული შემოქმედებითი ეკოსისტემის გაძლიერებას, წაახალისებს ცოდნის გაზიარებასა და ინოვაციას, და წვლილს შეიტანს საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განვითარებაში.
აკადემია აკავშირებს შემოქმედებით და ბიზნეს-საქმიანობას და მოიცავს სტრუქტურირებულ სწავლების, მენტორობისა და პროფესიული ქსელების განვითარების კომპონენტებს, ფოკუსით საქართველოს რეგიონებზე. მსგავსი მიდგომა გააძლიერებს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ შემოქმედებით ადამიანებს და გაზრდის სექტორის წვლილს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და რეგიონულ განვითარებაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
შემოქმედებითი უნარების აკადემიასთან დაკავშირებულ კითხვებზე მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: csa@di.ge