შემოქმედებითი ხედვა - გორი
ფოტოზე: მარკ ენდრიუსი | © ოთო გვრიტიშვილი | საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ქალაქის აღმოჩენა და პირადი ნარატივები
„შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ რეგიონული პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის ივნისში, გორში გაიმართა მეორე სოციალური დიზაინის ვორქშოპი — „ქალაქის აღნუსხვა: შემოქმედებითი ხედვა - გორი“ ვორქშოპს ხელმძღვანელობდნენ მარკ ენდრიუსი და კრისტიან დეგენი.
ქუთაისში განხორციელებული პირველი ინიციატივის წარმატებისა და დადებითი გამოხმაურების საფუძველზე, გორში ჩატარებული ერთკვირიანი ვორქშოპი 15 ადგილობრივ შემოქმედს აერთიანებდა. თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა პირად გამოცდილებებზე დაყრდნობით შეესწავლა ქალაქ გორის ურბანულ გარემოსა და იდენტობას შორის არსებული კავშირები.
მონაწილეები, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებებითა და ქალაქთან არსებული პირადი კავშირით შთაგონებულები, აქტიურად ჩაერთნენ შემოქმედებით კვლევაში, ვიზუალურ ექსპერიმენტებში, კოლექტიური რეფლექსიის პროცესსა და ჯგუფურ დისკუსიებში. ამ პროცესის შედეგად მათ შექმნეს ინდივიდუალური მხატვრული ნარატივები, რომლებიც კუთვნილების, მეხსიერებისა და ცვლილების თემებს იკვლევდა და ახალ ხედვებს სთავაზობდა ქალაქისა და მისი სოციალური სივრცეების აღქმას.
ვორქშოპის მეორე დღე | © ოთო გვრიტიშვილი | საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ოთო გვრიტიშვილი | © საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
მარიამ თოფჩიშვილი | © საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ჟურნალი წარმოსახავს მრავალფეროვან გზებს, რომლითაც ადამიანები უმკლავდებიან გამოწვევებს, ერგებიან ცვლილებებს და საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესს გადიან. ამგვარად, გამოცემა არა მხოლოდ ვორქშოპის შედეგების ამსახველ დოკუმენტად გვევლინება, არამედ ქმნის სივრცეს ახალი დიალოგისთვის.
ერთკვირიანი ვორქშოპის დასკვნით დღეს მონაწილეებმა თავიანთი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას მულტიმედიური გამოფენისა და პრეზენტაციის ფორმატში წარუდგინეს. ვიზუალური ხელოვნების, თხრობის, ფოტოგრაფიისა და დიზაინის შერწყმით, ღონისძიებამ ახალი სადისკუსიო სივრცე შექმნა.
გამოფენამ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა შემოქმედებითი პრაქტიკის ძალა და მისი პოტენციალი საზოგადოების აქტიური ჩართულობისა და მნიშვნელოვანი სოციალური დიალოგის ხელშესაწყობად. ამგვარად, ღონისძიება იქცა არა მხოლოდ ვორქშოპის შედეგების წარდგენის სივრცედ, არამედ საფუძველი ჩაუყარა ახალი იდეების, მრავალფეროვანი პერსექტივებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი უკვე მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს გორის ხელოვნების სახლთან სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში. ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ სივრცეს, და ხელს უწყობს მის გაძლიერებასა და მდგრად განვითარებას.
ადგილობრივ ხელოვანებთან, ახალგაზრდა შემოქმედებსა და თემთან ხანგრძლივი და თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, გორის ხელოვნების სახლი ქალაქის თანამედროვე კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ცენტრად ჩამოყალიბდა. ქალაქში, სადაც თანამედროვე ხელოვნებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის შესაძლებლობები ერთ დროს შეზღუდული იყო, ამ სივრცემ შექმნა ნიადაგი ექსპერიმენტების, შემოქმედებითი ძიებებისა და ახალი კულტურული პრაქტიკების განვითარებისთვის.
თავისი მრავალწლიანი საქმიანობით გორის ხელოვნების სახლმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ხილვადობის ზრდასა და კულტურული ცხოვრების გააქტიურებაში. დღეს ის წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს, რომელიც ხელს უწყობს ახალი იდეების, თანამედროვე ხელოვნებისა და შემოქმედებითი პრაქტიკების განვითარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას კულტურულ პროცესებში.
მსგავსი ინიციატივების მეშვეობით „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ მხარს უჭერს ახალგაზრდა და განვითარებად შემოქმედებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ხელს უწყობს მათი პროფესიული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას და აძლიერებს კავშირებს ხელოვნებასა და ადგილობრივ თემს შორის. ამგვარად, პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებაში, რეგიონებში (თბილისის გარეთ) შემოქმედებითი გარემოს გაძლიერებასა და კულტურული პროცესების მდგრად განვითარებაში.