ქუთაისი - შემოქმედებითი ხედვა
შემოქმედებითი ვორკშოპი და ქალაქი: ურბანული ცვლილებები და მკვიდრი მოსახლეობა
ინტერვიუ მარკ ენდრიუსთან და კრისტიან დეგენთან
მარკ ენდრიუსი და კრისტიან დეგენი გრაფიკული დიზაინის სპეციალისტები არიან და მათი ძირითადი ფოკუსი სოციალური დიზაინია. ორივემ ბავშვობა გერმანულ–ნიდერლანდურ საზღვართან გაატარა, თუმცა პროფესიული გზა განსხვავებული ჰქონდათ. კრისტიანი სხვადასხვა დიზაინის სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მარკმა თავდაპირველად განათლება ფსიქოლოგიის განხრით მიიღო, შემდეგ კი გრაფიკული დიზაინის მიმართულებაზე გადავიდა და ხელოვნების აკადემიაში სწავლა ნიდერლანდებში განაგრძო. დაახლოებით 18 წლის წინ მარკის და კრისტიანის გზები გადაიკვეთა, რის შემდეგაც ერთად დააარსეს andrews°en — ვიზუალური დიზაინის სააგენტო ამსტერდამში, რომელიც შემოქმედებით მიდგომებს სტრატეგიულ ხედვასთან აერთიანებს.
კრისტიან დეგენი, მარკ ენდრიუსი, ელინა ვალაიტე | ფოტო: ლილი მართა ზაინჩი
ერთკვირიანი სოციალური დიზაინის ვორკშოპის განმავლობაში 15 ადგილობრივმა შემოქმედმა ქუთაისის სხვადასხვა უბანი შეისწავლა. თითოეულმა მონაწილემ დაამუშავა ცალკეული თემა და კონცეფცია, რაც კონკრეტული უბნის ისტორიას, პირად დაკვირვებებსა და ქალაქის არქიტექტურულ იდენტობას ეფუძნებოდა.
ვორკშოპი დასრულდა ბეჭდური და ონლაინ ჟურნალის შექმნით, რომელიც თითოეული მონაწილის შემოქმედებით უნარებს წარმოჩენს. ეს გამოცემა შთაგონების წყაროდ იქცა — მკითხველს სთავაზობს აღმოაჩინოს ახალი პერსპექტივები და აქტიურად ჩაერთოს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების პროცესში.
დასკვნითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა თავიანთი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინეს, რამაც ხელი შეუწყო დიალოგის წარმოქმნასა და ახალი კავშირების დამყარებას.
მარკი: ჩვენი პირველი ვორკშოპი 2012 წელს ბუქარესტის სამხატვრო აკადემიაში ფოტოგრაფებთან ერთად ჩავატარეთ. იმჟამად შექმნილ ჟურნალს ძლიერი დოკუმენტური ხაზი ჰქონდა — რამაც კარგად იმუშავა. მოგვიანებით, ჩინეთში მესამე ჟურნალის შექმნისას, სადაც სამი თვე ვასწავლიდით, გადავწყვიტეთ ისევ „ქალაქის აღნუსხვის“ კონცეფცია გამოგვეყენებინა, ამჯერად გრაფიკულ დიზაინერებთან მუშაობით. დოკუმენტური მიდგომის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ პროექტში უფრო პირადი ხმების დამატებაც შესაძლებელი იყო — და ეს ნაბიჯიც წარმატებული აღმოჩნდა. დიზაინერებს თავიანთი ნამუშევრების შესაქმნელად სამი თვე ჰქონდათ, პროცესში კი თავად მასწავლებლებიც ჩაერთნენ, რამაც მთლიანი გამოცდილება მეტად გაამდიდრა.
დიზაინი ჩვენთვის ყოველთვის სოციალური ჩართულობის ფორმა იყო და არა მხოლოდ ლოგოების შექმნა. როდესაც ახალ ქვეყანას სტუმრობ, შენთვის იქაური ხელოვნებისა და კულტურის გარემოც შესწავლის ახალი საგანი ხდება. ბევრ საგანმანათლებლო პროგრამაში დიზაინის სტუდენტები ძირითადად ლოგოსა და ვებდიზაინს სწავლობენ, ჩვენ კი გვინდა ვაჩვენოთ, რომ შემოქმედებითობა სოციალურ საკითხებზეც შეიძლება იყოს მიმართული. ხედვის გაზიარებით იწყება ყველაფერი რაც შემდგომში დიალოგს იწვევს.
ხშირად გადაწყვეტილებებს უფროსი თაობა იღებს, ხოლო ახალგაზრდებს სიტყვა არ ეძლევათ. ჩვენი პროექტებით სწორედ ამის შეცვლას ვცდილობთ.
ვრცლად ქალაქის აღნუსხვის (Mapping the City) პროექტზე: mappingthecity.com
კრისტიანი: პროექტი კვლევის ნაწილსაც მოიცავს. დამკვეთთან მუშაობისას კონცეფციის შემუშავების ფაზა ხშირად ძალიან შეკვეცილია — დროისა და ბიუჯეტის შეზღუდვის გამო. ასეთ დროს იმ დიზაინერულ ჩარჩოს ერგები, რაც თითქოს უკვე იცი თუ რას ითხოვს დამკვეთი და თავისუფალი მიმოსვლისა და კვლევის სივრცე თითქმის აღარ რჩება.
ჩვენი პროექტები კი სრულიად სხვა გზით ვითარდება - ისინი საველე კვლევით იწყება. ამ ეტაპზე ადგილობრივებთან უშუალო კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ნაწილია. საბოლოოდ შექმნილი ჟურნალი უბრალოდ ერთი ეპიზოდია, ერთი დასრულებული თავი. სინამდვილეში ეს ყოველივე არის დიდი პროცესის პირველი ნაბიჯი. სწორედ ეს პროცესი აერთიანებს ადამიანებს, აძლევს მათ შესაძლებლობას სიამოვნება მიიღონ, ისწავლონ ერთმანეთისაგან და ჩვენგანაც.
დღეს ასეთი მიდგომა იშვიათია, რადგან ყურადღება ძირითადად საბოლოო შედეგზეა გადატანილი. კვლევის დიდი ნაწილი კომპიუტერის მეშვეობით ხდება. ჩვენ კი გვინდა რომ ადამიანები ეკრანს გაეცალონ და სხვებს ესაუბრონ, ქუჩებში გაისეირნონ და საკუთარი შთაგონება გარეთ იპოვონ.
ქუთაისის ვორკშოპი საოცარი გამოცდილება იყო. შედეგები ძალიან მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რადგან სხვადასხვა გამოცდილების და ინტერესის მონაწილეები გვყავდა — მუსიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, გრაფიკული დიზაინერები და სხვა. ამ განსხვავებულმა ხედვებმა პროცესი განსაკუთრებულად მდიდარი და ღირებული გახადა.
პროექტის საჯარო პრეზენტაცია - ქალაქის აღნუსხვა: ქუთაისი შემოქმედებითი ხედვა. ვორკშოპის სტუმრები და მონაწილეები: გვანცა თოდაძე, ანა მაჭავარიანი, თაკო ძაგანია. | ფოტო: ელინა ვალაიტე
ქალაქის აღნუსხვა: ქუთაისი შემოქმედებითი ხედვა | თათია თოფაძე და ქრისტინე ქაშიბაძე
შემოქმედებითი გზები მენტალურ და ფიზიკურ გარემოსთან დასაკავშირებლად
მარკი: როცა ამსტერდამის მსგავს ქალაქებში ვსეირნობთ, ხშირად ერთი ადგილიდან მეორეში მივიჩქარით და დეტალებს ვეღარ ვამჩნევთ. გერმანულში არსებობს სიტყვა — Scheuklappen — რასაც ცხენებს უკეთებენ იმისათვის რომ მხოლოდ მათ წინ არსებული სივრცე დაინახონ. ჩვენ ყველანი ვატარებთ კულტურულ ბნელ კუთხეებსა და ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს, რომლებიც ჩვენს ხედვას ფარავს. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ადამიანებს, დატოვონ საკუთარი კომფორტის ზონა, ესაუბრონ სხვებს და ახალი გარემო გაიცნონ.
მოტივაცია აქ ყველაზე მნიშვნელოვანია — არა მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვეუბნებით, არამედ ისიც, რომ მონაწილეებს თვითონ ჰქონდეთ შესაძლებლობა აირჩიონ საკუთარი ინტერესები და გარემოს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედონ. ჩვენ შეგნებულად ვსვამთ ბევრ კითხვას, რადგან დიზაინის განათლება, პირველ რიგში, კითხვის დასმისა და ფიქრის ახალი გზების ძიებაზეა დაფუძნებული. ზეწოლა არაა მთავარი, არამედ ისეთი კითხვების დასმაა, რაც ახალ ხედვას გააღვივებს.
ქალაქის ტური, ვორკშოპის დღე 2 - ქალაქის აღნუსხვა: ქუთაისი შემოქმედებითი ხედვა | ვიდეო: ლილი მართა ზაინჩი
ჩვენ მუდმივად ვსვამთ კითხვებს, რათა მონაწილეთა აზროვნების არეალი გავაფართოვოთ: რატომ? როგორ? ვინ? დარწმუნებული ხარ? როგორ შეგიძლია ეს გამოხატო? ხანდახან შეგნებულად ოდნავ დაბნეულობასაც ვქმნით, თუმცა ამავდროულად საშუალებას ვაძლევთ, ერთ თემაზე უფრო დიდხანს შეჩერდნენ — რომ მეტად ჩაუღრმავდნენ გარკვეულ თემებს და საკუთარი პასუხები იპოვონ. ეს ყოველივე მეტ დროს ქმნის დაფიქრებისთვის, აღმოჩენებისა და შემოქმედებითი კვლევისათვის.
ქალაქის ტური, ვორკშოპის დღე 2 - ქალაქის აღნუსხვა: ქუთაისი შემოქმედებითი ხედვა | ვიდეო: ლილი მართა ზაინჩი
ვორკშოპის „ქალაქის აღნუსხვა“ გავლენა, დასკვნები და მთავარი ხედვები
კრისტიანი: ჩემი აზრით, ამ პროექტის ყველაზე ღირებული ნაწილი არის მონაწილეების განვითარება — პროექტი, პირველ რიგში, სწორედ მათზეა ფოკუსირებული. ასევე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ხედვის შეცვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პარტნიორებთან ურთიერთობასა და მათი ჩართულობის გზებს ეხება. მონაწილე, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იზრდება, ცოდნას იძენს და ახალ პროფესიულ კავშირებს ამყარებს, უკვე ამ ყველაფრით დიდი გამოცდილებას იღებს. მცირე ქალაქებში ხშირად ადამიანებმა არ იციან თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანონ ერთმანეთის პროფესიულ განვითარებაში. ეს პროექტი ქმნის პლატფორმას, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, თანამშრომლობენ და ერთმანეთისგან სწავლობენ — ეს, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მიღწევაა.
ჩვენ შეგნებულად ვამხნევებთ მცირე ნაბიჯებს, რადგან პატარა ცვლილებებსაც კი შეუძლია უფრო მასშტაბური პროცესები დაიწყოს. ქუთაისის ვორკშოპის დროსაც ჩვეულ გზებს გადავუხვიეთ: ქალაქის ცენტრსა და ლამაზ შადრევანზე კონცენტრირების ნაცვლად, სწორედ იმ უბნებში ვიარეთ, სადაც ქალაქის ჭეშმარიტ ისტორიებს გადავაწყდით. ბევრისთვის ეს ახალი გამოცდილება იყო — ქალაქის დანახვა სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან.
მთელი ქალაქი კვდება, მეორე მთელი ქალაქი ჩნდება...*
მარკი: როცა ქალაქის შესახებ პროექტზე მუშაობ, ის აუცილებლად უკავშირდება როგორც წარსულს, ისე აწმყოს. მომავალზე ფიქრი აუცილებელი არაა — თუმცა შეგიძლია ამ მიმართულებითაც იფიქრო. ჩვენს ვორკშოპებში კითხვებს სხვადასხვა ფორმით ვსვამთ: ზოგჯერ კონკრეტულ უბნებს ვიკვლევთ, ზოგჯერ პირად გამოცდილებებს. ხანდახან პრობლემებსაც ვეძებთ, სადაც როგორც დიზაინერებს და როგორც ჯგუფს გვეძლევა შესაძლებლობა გარკვეული გადაწყვეტილებებიც გავაზიაროთ — თუმცა ეს ყოველთვის აუცილებელი არ არის.
როცა ქალაქს და მის ცხოვრებას ეჭიდები, ბუნებრივად ეხები არსებულ მდგომარეობას, მაგრამ თან წარსულს უბრუნდები და მომავალსაც აყალიბებ. კონკრეტული პოზიცია რასაც მონაწილე აარჩევს საბოლოოდ დამოკიდებულია იმაზე თუ რისი თქმა სურს მონაწილეს და რა გზავნილს ატარებს მისი ნამუშევარი. ამიტომ ყოველთვის ვეკითხებით: რა არის ის, რისი მოყოლაც გსურს?
ქალაქის ტური, ვორკშოპის დღე 2 - ქალაქის აღნუსხვა: ქუთაისი შემოქმედებითი ხედვა | ფოტო: ლილი მართა ზაინჩი
ინტერვიუს ავტორი: ელინა ვალაიტე – საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მენეჯერი, შემოქმედებითი კომპასი საქართველო | საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.
ფოტოებისა და ვიდეო მასალის ავტორები: ლილი მართა ზაინჩი (Kulturweit პროგრამის მოხალისე, შემოქმედებითი კომპასი საქართველო | საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი), ელინა ვალაიტე (შემოქმედებითი კომპასი საქართველო | საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი), ლუკა კვანტალიანი (ვორკშოპის მონაწილე) და კრისტიან დეგენი (დიზაინერი, andrews & degen).
მთელი ქალაქი კვდება, მეორე მთელი ქალაქი ჩნდება...*
ჯეიმზ ჯოისი, ულისე